შეიარაღებული შეტაკება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის - არიან დაჭრილები და დაღუპულები
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა, არიან დაჭრილები და დაღუპულები. ინფორმაციას ორივე ქვეყნის თავდაცვის უწყებები ავრცელებენ.
“11 აპრილს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გორუსის რეგიონის დიღის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს”, - წერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანელთა რიგებში არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მაგრამ რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.
რაც შეეხება სომხურ მხარეს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს სომეხ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ ტეღის დასახლების მიმართულებით.
მათი თქმით, სომეხ სამხედროთა შორის არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მაგრამ რაოდენობა არც მათ დაუკონკრეტებიათ.
მოგვიანებით, სომხურმა მხარემ იმავე მიმართულებაზე აზერბაიჯანი ნაღმმტყორცნის გამოყენებაში დაადანაშაულა. მათი თქმით, სომხეთის შეიარაღებული ძალები შესაბამის თავდაცვით ზომებს იღებენ.
მოგვიანებით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ ადგილობრივი დროით 19:55 საათისთვის ფრონტის ხაზზე ვითარება შედარებით სტაბილური რჩება.