ბათუმთან, რუსები საცხოვრებელი უბნის აშენებას, კორუფციული გზით აპირებენ - TI-ის კვლევა
ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, Salibauri Hills-ის საცხოვრებელი უბნის მშენებლობის პროექტში, რომელსაც რუსეთის მოქალაქეების კომპანიაა "ეიჩ გრუპ დეველოპმენტი“ გეგმავს, კორუფციის ნიშნები იკვეთება. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.
კომპანიის 90%-ს რუსეთის მოქალაქეები მარეტა დოლგიევა და მაგომედ ჩაბიევი ფლობენ.
"2022 წლის 25 ნოემბერს, კომპანიასთან დაკავშირებულმა საქართველოს ორმა მოქალაქემ - დირექტორმა, მარინა დეხტიარევმა და ჩაბიევის ბიზნესპარტნიორმა, ჯონი ჯინჭარაძემ - მმართველ პარტიას ჯამში 40,000 ლარი შესწირეს (მათი პირველი და ერთადერთი პოლიტიკური შემოწირულება).
ორ კვირაში, 12 დეკემბერს, ხელვაჩაურის საკრებულომ პროექტისთვის განაშენიანების დეტალური გეგმა (გდგ) ერთხმად დაამტკიცა.
შემოწირულებისა და ნებართვის გაცემის თარიღებს შორის სიახლოვე აღძრავს ეჭვს, რომ შემოწირულების მიზანი შესაძლოა მშენებლობის ნებართვის მოპოვება ყოფილიყო. ხოლო, ის ფაქტი, რომ შემოწირულება სამშენებლო პროექტთან დაკავშირებულმა საქართველოს მოქალაქეებმა გაიღეს, აღძრავს ეჭვს, რომ ეს თანხა შესაძლოა არა მათ, არამედ მშენებელი კომპანიის მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ", - წერს ორგანიზაცია.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება პოლიტიკური შემოწირულება.
"მაგომედ ჩაბიევს სხვა პრობლემური პროექტებიც აქვს: ჩაბიევის ბიზნესპროექტები საქართველოში დაკავშირებულია ენვერ ცეცხლაძესთან, რომელიც ასლან აბაშიძის უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის, დისშვილია. ჩაბიევი და ცეცხლაძე ბათუმში ერთად აშენებენ 40-სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს 7th Heaven Residence, რომლის გაყიდვების დირექტორიც ასევე ზემოხსენებული მარინა დეხტიარევია.
“ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” გამოძიების მიხედვით, მიწა, რომელზეც 7th Heaven Residence-ის პროექტი ხორციელდება, ენვერ ცეცხლაძემ 2016 წელს საეჭვო გზებით დაიბრუნა და მშენებლობის პროცესში მოპოვებულმა ნებართვებმა კითხვის ნიშნები გააჩინა", - წერს ორგანიზაცია.