ახლა მაინც დაიჭირონ! - ელისაშვილი კეზერაშვილზე
პარტია „მოქალაქეების” დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის თქმით, „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის ადგილი ციხეშია.
„ამ ადამიანმა საქართველოში გაძარცვა ჯარი, ფული ჯარს მოჰპარა და შემდეგ ფეხი დაჰკრა და ქვეყნიდან გაიქცა.
ამის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის საფასურად გაურიგდა. ვიცით, რომ მათი გარიგების საფუძველი პარტიიდან ბოკერიას ჯგუფის გამოყოფა იყო. ამიტომ “ქართულმა ოცნებამ” თვალი დახუჭა – მას ზრდილობისთვის ეძებდნენ, ზრდილობისთვის იყო ძებნა გამოცხადებული. სინამდვილეში კი, მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა. იშვიათი გარეწარი კეზერაშვილი საქართველოში ჯარს ძარცვავდა, ევროპაში წავიდა და ევროპელი პენსიონერების ძარცვა დაიწყო.
ახლა მაინც დაიჭირონ!
BBC პროკურატურა არ არის, მაგრამ მისი გამოძიება რეპუტაციულად დამანგრეველია. რა თქმა უნდა, ეს გამოძიება საფუძვლად დაედება გამოძიებას ევროპულ ქვეყნებში კეზერაშვილის წინააღმდეგ. კეზერაშვილისნაირი გათახსირებული ხალხის ადგილი ციხეშია. ჩემი ნება რომ იყოს, რაც ჯარს მოჰპარა ვარწყევინებდი ბოლო თეთრამდე. ახლა ევროპელებმა უნდა დაიჭირონ!” – განაცხადა ელისაშვილმა.