ჟერარ დეპარდიეს სექსუალურ შევიწროებაში 13 ქალი ადანაშაულებს
მსახიობ, ჟერარ დეპარდიეს 13 ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
გამოცემა Mediapart-ზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით, საუბარია გამოძიებაზე, რომელიც რამდენიმე თვე მიმდინარეობდა და 20 წლის განმავლობაში გადასაღებ მოედანზე მსახიობის ქცევას ეხება.
გამოცემის ცნობით, საქმეში 13 ქალის ჩვენება დევს, რომლებიც დეპარდიეს არაერთ ქმედებაში ადანაშაულებენ, მათ შორის არასასურველ შეხებასა და უხამს კომენტარებში. დოკუმენტების მიხედვით, დეპარდიე არასასურველად ეხებოდა როგორც ახალგაზრდა ქალ მსახიობებს, ასევე ვიზაჟისტებსა და ტექნიკურ პერსონალს, ამასთან, ხშირად აკეთებდა უხამს კომენტარებსა და გამოსცემდა „კვნესის ხმებს“ მათი თანდასწრებით.
The Guardian აცხადებს, რომ დეპარდიემ ბრალდებების კომენტირებაზე უარი განაცხადა, მისი ადვოკატები კი ყველანაირ დანაშაულებრივ ქმედებას უარყოფენ.
აღნიშნული ბრალდებები პირველი არ არის ფრანგი მსახიობის წინააღმდეგ. წარსულში დეპარდიეს გაუპატიურებაშიც ადანაშაულებდნენ. 2018 წელს დაწყებული სასამართლო დავა საფრანგეთში ამ დრომდე გრძელდება. თავად მსახიობი ამ ბრალდებასაც უარყოფს.