თეგებით ძიება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 91 მოქალაქე, მათ შორის 19 ჟურნალისტი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, გამოძიების ფარგლებში 7 სხვადასხვა ლოკაციაზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების თაობაზე, რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, სხვადასხვა უწყებიდან ჯამში 123 შეტყობინება შემოვიდა, რომელიც აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შემოსულ შეტყობინებებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მყისიერად დაიწყო", - ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა