თეგებით ძიება

ღმერთთან შეერთების გარეშე ადამიანი მაინც მშიერი და მწყურვალი რჩება - მეუფე შიო

ღმერთთან შეერთების გარეშე ადამიანი მაინც მშიერი და მწყურვალი რჩება, ხოლო ამ შეერთების შედეგად ადამიანი ეზიარება ნეტარ შინაგან სიმშვიდეს, რაც არის ცათა სასუფეველი, -ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის საიდუმლო სერობის ხსენება, დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ, დიად და გამორჩეულ მოვლენას, ევქარისტიის საიდუმლოების, წმინდა ზიარების საიდუმლოების დადგენას უფალი იესო ქრისტეს მიერ.

როდესაც წმინდა ეკლესია აღასრულებს ევქარისტიის საიდუმლოებას, სულიწმიდის ძალით და მადლით, იგი უერთდება იმ საიდუმლო სერობას, რომელიც აღასრულა უფალმა იესო ქრისტემ თავის მოციქულებთან ერთად, როდესაც აკურთხა,

განტეხა და პური და ღვინო გარდაქმნა თავის წმინდა სისხლად და ხორცად. და აი, ჩვენ სულიწმიდის მადლით ვუერთდებით იმ საიდუმლო სერობას, იმიტომ რომ ღმერთში არ არსებობს დრო. ამრიგად ჩვენ გადავლახავთ დროსაც, მანძილსაც, სივრცესაც და, ვიმეორებ, ვხდებით თანამონაწილენი იმ ერთადერთი საიდუმლო სერობისა. ყოველი წირვა არის გაგრძელება, არის მონაწილეობა იმ საიდუმლო სერობაში.

თქვენ იცით, რომ ევქარისტია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს როგორც მადლიერებას, ასევე ნიჭსაც. მართლაც, ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარებაზე დიდი ნიჭი რა შეიძლება იყოს?! ეს არის ყველაზე მეტი, რაც შეიძლება ღმერთმა მოგვმადლოს, ვინაიდან ჩვენ თავად მაცხოვარს ვუერთდებით ამ საიდუმლოთი, როგორც მან თავად ბრძანა: „რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემშია და მე მასში“. და როგორც ასწავლიან წმინდა მამები, ღირსი იოანე დამასკელი და სხვა მამები, ჩვენ წმინდა ზიარების შედეგად წილმქონენი ვხდებით ქრისტეს სისხლისა, ქრისტეს სხეულისა და ქრისტეს ღვთაებისა. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობენ წმინდა მამები და ჩვენ ყველა ვხდებით ქრისტეს სხეული, შესაბამისად, ერთი მეორესაც ვეზიარებით, ამიტომ ეწოდება ამ საიდუმლოს ზიარება. მაგალითად, წმინდა იოანე დამასკელი ასევე ამბობს: „ჩვენ ვხდებით ქრისტეს თანამესხეულენი“, ე.ი. მისი სხეული, მისი სისხლი ხდება ჩვენი სისხლი და მისი ხორცი ხდება ჩვენი ხორცი", - აცხადებს მეუფე შიო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა