თეგებით ძიება

საქართველოს პროკურატურა ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გვსურს გამოვეხმაუროთ ევროჯასტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართული იყო თაღლითური ონლაინ პლატფორმების და დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

„დანაშაულებრივი თაღლითური ქსელი, რომელიც სავარაუდოდ მოქმედებდა 2019-2021 წლების პერიოდში, სოციალურ მედიაში და სხვა საჯარო სივრცეში განთავსებული რეკლამებისა და ე.წ ქოლ-ცენტრებს გამოყენებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ინვესტიციების მოზიდვას, სანაცვლოდ კი მაღალ სარგებელს ჰპირდებოდა. მოგვიანებით, დაზარალებულები გაწეულ ინვესტიციებს კარგავდნენ, რომელიც დამნაშავეთა საბანკო ანგარიშებზე ნაწილდებოდა.

საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს პროკურატურა, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორთან კოორდინაციით.

ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებები, საქართველოს პროკურატურისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი სტრუქტურების შესაბამის წარმომადგენლების ჩართულობით იგეგმებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის - ევროჯასტის მხარდაჭერით.

დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად ჩატარდა რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში, რუმინეთში, ისრაელში და საქართველოში, რის შედეგადაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებულია, შესაძლო დანაშაულში მონაწილე 5 პირი. ასევე, გამოიკითხნენ სავარაუდო დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი პირები, ამოღებულია უამრავი დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა ევროჯასთის მხარდაჭერით ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად არაერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვა მრავალი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან.

ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ტრანსნაციონალური, ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ჩატარდა ფართომასშტაბიანი ღონისძიებები.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე მოქმედი ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებული იქნა ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დიდი ოდენობით თანხებს.

ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიებების შედეგად დაკავებულ იქნა დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელები და ათეულობით წევრი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირების მიმართ.

საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 80-მდე და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სწორედ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, დანაშაულებრივი სქემისა და მონაწილე პირების გამოვლენაში ჩართულია არაერთი ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელი, რომლებთანაც საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს.

საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ევროჯასტს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგამოძიებო სტრუქტურებს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა