პრეზიდენტმა არ შეიწყალა პოლიტპატიმრები მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია... გვიჩნდება ძალიან ბევრი კითხვა - ირაკლი ნადირაძე
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კითხვები აქვთ იმის გამო, რომ მან ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და „მთავარი არხის“ დამფუძებელი, ნიკა გვარამია არ შეიწყალა.
„ჩვენ ერთის მხრივ გვესმის სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მიმართ, ასევე მისი მოწოდებები, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შესრულდეს 12 პუნქტიანი გეგმა, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და შეიძლება გამოიყენოს მისი ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომ შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას სახით და გამოიყენოს მან თავისი დისკრეციული უფლება, ამ დროს ვხედავთ, რომ ამას არა აკეთებს, ამიტომ ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც გვსურს ევროპული მომავალი, ვისაც გვსურს, რომ შესრულდეს 12 პუნქტიანი გეგმა, გვიჩნდება ძალიან ბევრი კითხვა სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით სამწუხაროა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ჰქონდა ძალიან ბევრ ადამიანს მოლოდინი, რომ თუნდაც ეს ერთი პუნქტი შესრულდებოდა და ამაში მონაწილეობას მიიღებდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 10 მსჯავრდებული შეიწყალა.