თეგებით ძიება

არ გაუშვათ ხელიდან შანსი, ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობა არის ახლა - გერმანიის ელჩი

ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობა არის ახლა, არა ხვალ, არა გუშინ, არამედ ახლა... გთხოვთ, არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი, ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

„ვიზიტი ძალიან კარგი და წარმატებული იყო. მინისტრმა შეხვედრებზე ზუსტად ის თქვა, რაც საჯაროდ. მთავრობის წევრებთან, ოპოზიციის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ მოდის როგორც მეგობარი და იგრძნო, რომ როგორც მეგობრებმა, ისე მიიღეს. შეხვედრებისას მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, უფრო კონკრეტულად კი გადაწყვეტილებაზე, რომელსაც 2023 წლის დეკემბერში მიიღებენ, იმის შესახებ მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. მან თქვა, რომ გერმანიას ეს სურს, ევროკავშირს ეს სურს. ჩვენ გვაქვს ამის ინტერესი. კარი ფართოდაა ღია საქართველოსთვის. შესაძლებლობა არის ახლა, არა ხვალ, არა გუშინ, არამედ ახლა. ამ დროიდან დეკემბრამდე საქართველომ ამ კარში უნდა გაიაროს. უკანა კარი არ არსებობს. გვერდითი კარი არ არსებობს.“- განაცხადა მან.

ელჩის თქმით, საქართველომ ახლა 12 პუნქტის შესრულებაზე უნდა იმუშაოს და საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირს უფრო უნდა დაუახლოვდეს.

„ჩვენ გვსურს ვიხილოთ უფრო მნიშვნელოვანი პროგრესი 12 პრიორიტეტში, კერძოდ, ახლა კანონში დეოლიგარქიზაციის შესახებ, მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ და ასევე დეპოლარიზაციის შესახებ. ევროკავშირში ახალი ქვეყნის გაწევრიანება ან მიღება ყოველთვის არის ბალანსი, ერთი მხრივ, ჩვენს წესებს შორის (ჩვენ გვაქვს წესები და გვაქვს სტანდარტები და ისინი დაფიქსირებულია), მეორე მხრივ კი ამას პრაგმატიზმი და გეოპოლიტიკური ინტერესი განსაზღვრავს. ჯერჯერობით, ევროკავშირის თითოეული გაფართოება წარმატებული იყო და ეს აღმოჩნდა დადებითი, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ახალი წევრებისთვის სტაბილურობის, კეთილდღეობის, განვითარებისა და მშვიდობის დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო იყოს ისეთ სივრცეში, რომელიც არის ვაკუუმი და სადაც ძალები, რომლებიც არც ისე მეგობრულები არიან, ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოზე.

ასე რომ, თუ ეს არის საქართველოს ინტერესი და მე მჯერა, რომ ეს ინტერესი არის ევროკავშირში გაწევრიანება, დეკემბერში ჩვენ წინ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა და მან თქვა, გთხოვთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. გთხოვთ, არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ. ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ ამ შანსის გამოყენებაში“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა  „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა