ოკუპანტებმა სოფელ დვანის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი.
„ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აფხაზეთი და სამაჩაბლო დროებით ოკუპირებულია რუსეთის მიერ.