თეგებით ძიება

გია მურღულია განათლების სამინისტროში ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი, გია მურღულია დანიშნა. 

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელსაც თავად მინისტრი უხელმძღვანელებს, კოორდინაციას კი – გია მურღულია გაუწევს. 

აღნიშნული ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. კერძოდ, გიორგი ამილახვარის დავალებით, ჯგუფის წევრები სწრაფ და მოქნილ რეჟიმში იმსჯელებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გრიფირების პროცესსა და სკოლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

გია მურღულიას განათლების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წელს ის გახლდათ პედაგოგი, სკოლის დირექტორი, საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რექტორი, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი და სხვა. ცნობილი ფილოლოგი  პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობასაც აქტიურად ეწევა. გია მურღულია, ასევე, არის არაერთი საგანმანათლებლო გამოცემის, პროექტისა და პროგრამის ავტორი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა