„ქართულ ოცნებაზე“ ძალიან სერიოზული ზეწოლა შევძელით - ხატია დეკანოიზე
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებაზე" სერიოზული ზეწოლა განახორციელეს.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" წავა ყველანაირ საბოტაჟზე, თუმცა, პარლამენტში შეიქმნა მოცემულობა, როცა კოორდინაციის ფონზე, მიუხედავად ოპოზიციაში არსებული განსხვავებისა, სერიოზული ზეწოლის განხორციელება შეუძლიათ "ქართულ ოცნებაზე".
"ჩვენი მობილიზაციის შედეგად, მათ ჰქონდათ შიში და გაიქცნენ ორჯერ დარბაზიდან ანუ უმცირესობაში გადავიდა უმრავლესობა და ძალიან სამწუხაროა, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძეს და მთლიანად "კლანს" გადაეფარა. დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ კლანი და "ქართული ოცნება" არიან შეზრდილები ერთმანეთთან, პრაქტიკულად აღარ არსებობს, ეს არის უკვე ის მოცემულობა, რომელიც აქტიურად არის განხილული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ახლა დგება უკვე მეორე ეტაპი.
ჩვენ შემდეგ სასესიო კვირაში ძალიან სერიოზული მობილიზაცია უნდა გვქონდეს, ვნახოთ, როგორი იქნება ოპოზიციის ყველა საპარლამენტო ფრაქციის და ჯგუფის გეგმა, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება" წავა ყველანაირ საბოტაჟზე, რომ ეს კომისია არ შეიქმნას. უფრო მეტიც, ჩვენ პარლამენტში გვაქვს რამდენიმე საგამოძიებო კომისია დაინიცირებული, ერთი მათ შორის არის 5 ივლისის მოვლენებზე, რომელიც ეხება წარმოუდგენლად მძიმე მოვლენებს საქართველოში, მე ვთვლი, რომ ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც უნდა დაისვას შეკითხვები და ეს კომისია უნდა გამოვიდეს დღის წესრიგში და ასეთი მობილიზაცია უნდა იყოს. ჩვენ პარლამენტში შეგვექმნა ის მოცემულობა, როცა კოორდინაციის და მობილიზაციის ფონზე, მიუხედავად ოპოზიციაში არსებული განსხვავებისა, შევძელით ძალიან სერიოზული ზეწოლა "ქართულ ოცნებაზე", - განაცხადა დეკანოიძემ.