თუშეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ჯ.ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელი - 1980 წელს დაბადებულ ნ.ნ. სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.
პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯ.ქ. ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.