თეგებით ძიება

„მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი, რასაც არ უნდა მკარნახობდეს გარემოება და ,,ხალხის აზრი" - ვისზე წერს გიორგი კეკელიძე?

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე ბიზნესმენ, კახა ბენდუქიძის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მათი გაცნობის დღეს იხსენებს.

„კახა ბენდუქიძე გავიცანი ძალიან უცნაურად. 2006 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა LIB.GE  რომელიც, რაღაც აზრით, საეტაპო პროექტადაც იქცა მაშინდელ ინტერნეტ სივრცეში. 2009 წელს საიტი პოპულარობის ზენიტში იყო, ტოპ-20 ქართულ ელ-რესურსში შედიოდა. ამ წლის ერთ საღამოს ფეისბუკის მესენჯერში კახა ბენდუქიძემ მომწერა: ,,ეგებ მნახოთ". ცოტა გასაკვირი ის იყო, რომ ღამის 11 - ზე დამითქვა შეხვედრა. 

დამხვდა მისი ლეგენდარული თანაშემწე, ჩემი მეგობარი ანა კვანჭილაშვილი და 12-ზე შევედი. მითხრა, რომ LIB.GE-ს ყიდვა და ახალ უნივერსიტეტში ინტეგრირება უნდოდა მთელი ადამიანური რესურსით. მე უარი ვუთხარი. გაუკვირდა, ოღონდ არ სწყენია. ასე მომეჩვენა, ის ახალგაზრდული პრინციპულობა ცოტა გაუხარდა კიდეც და მერე სხვა თემებზე გავაგრძელეთ საუბარი. სადღაც დილის 4 - ზე წამოვედით. თვეების მერე დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან თანამშრომლობა უნდოდა საუნივერსიტეტო კუთხით. მე ვუთხარი, რომ მყავს მეგობარი, ზაალ ჩხეიძე, ვინც ასევე საინტერესო კადრი იქნება ამ ამბიციურ პროექტში. მე და ზაალი მივედით ისევ შუაღამისას. დაგვხვდა კახა, ზაზა შათირიშვილი და ვახო მეგრელიშვილი. ამჯერად დილის ექვსამდე ვისაუბრეთ. ასე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ერთი უდიდესი გამოცდილება.

მას მერე ხშირად ვხვდებოდით, თუმცა 2011 წლის საღამოს ისევ მომწერა: ,,ეგებ მნახოთ. ოღონდ სასწრაფოდ". ავედი და მითხრა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ადგილი იყო ვაკანტური და ხომ არ მეფიქრა. მე ვუთხარი, რომ კი, უნდა მეფიქრა. ნიუანსებს დიდ ყურადღებას აქცევდა და პირდაპირ რომ კი არ ვუთხარი 27 წლის ბიჭმა, მერე მივხვდი, ძალიან მოეწონა. მე ვიფიქრე, გეგმა გავწერე და შევხვდი. ვთხოვე, რომ ერთი რაც მინდოდა, პოლიტიკისგან დისტანცირებული მუშაობა იყო. დამპირდა, გეგმა წაიღო და რამდენიმე თვეში პარლამენტიდან დამირეკეს.

ამ გრძელი ამბით იმის მოყოლა მსურდა, რომ კახა ბენდუქიძეს, სხვა დანარჩენ უნარებთან ერთად, მეორე ადამიანის შემჩნევის ძალიან არაჩვენებური თვისება ჰქონდა. ცხადია, ის რთული ადამიანი გახლდათ. ჩვენ არასდროს გვიკამათია, მაგრამ ვხედავდი, როგორ გულწრფელად, მართლა გულის ამოგლეჯვამდე ედავებოდა მისთვის ყველაზე ახლობლებსაც კი. ძალიან კარგად იცოდა ისიც, რომ ადამიანი შეცდომების და სწორი ნაბიჯების, მარცხების და გამარჯვებების ჯამია. ამიტომ არც წმინდანად მიაჩნდა თავი და რა გასაკვირია, რომ არც იუდა იყო.

მე მგონია, რომ ბოლოს ყველაზე ზუსტ ,,საკუთარ ადგილს" მიაგნო - უნივერსიტეტების მშენებლობისას მისი ვნება და შედეგები იოლად მიდასტურებს ამ აზრს. აკი, დაიბარა, ამ კაბინეტიდან გამომასვენეთო. და ასე მოხდა, რომ კაბინეტიდან კი არა, სხვა ქვეყნიდან ჩამოასვენეს.

მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი, რასაც არ უნდა მკარნახობდეს ირგვლივ გარემოება და ,,ხალხის აზრი". რაც მთავარია, მადლიერი არა პერსონალური განცდით, არამედ გაცილებით ზოგადად.

დღეს მისი დაბადების დღეა“, - წერს გიორგი კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა