საბერძნეთში, მასშტაბური ძარცვის მთავარი ფიგურანტი ქართველია - სამართალდამცავთა მტკიცებით, მან საქართველოში 300 000 ევროს ღირებულების ნაქურდალი ჩამოიტანა
საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ცნობილი ბერძენი ბიზნესმენის ძარცვა ედება ბრალად. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დანაშაული დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა, ამ პერიოდში ქართველი ბრალდებული სამშობლოში ჩამოვიდა და თან 300 000 ევროს ღირებულების ნაქურდალი ჩამოიტანა. ის დანაშაულის ადგილზე დაბრუნდა, თუმცა ამჯერად არ გაუმართლა და საბერძნეთის ციხეში აღმოჩნდა.
43 წლის ოსმან ხმალაძე, საბერძნეთში გახმაურებული ძარცვის მთავარი ფიგურანტია. ბერძენი სამართალდამცველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა კალონიკაში ცნობილი ბიზნესმენის სახლი გაძარცვა, სეიფიდან 300 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და ნაღდი ფული გაიტაცა, რამდენიმე დღეში კი მსხვილი ნაძარცვით საბერძნეთიდან საქართველოში გამოემგზავრა.
გახმაურებული ძარცვის დეტალებზე საუბარი არ სურთ საქართველოში, ოსმან ხმალაძის ახლობლებს. ისინი ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მამაკაცი წლებია ცოლ-შვილთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობს.
ის, რაზეც ახლობლებს საუბარი არ სურთ, დეტალურადაა ასახული ბერძნული გამოძიების მასალებში. ირკვევა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ საქართველოში გაქცეული მამაკაცი, უკან, საბერძნეთში შეცვლილი ვინაობით დაბრუნდა.
საბერძნეთის პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე ჩატარებული ჩხრეკისას 12 ოქროს ფუნტი, 19 000 სომხური დრამი, 15 გრამი კანაფი, ორი პისტოლეტი და სავარაუდოდ, ნაძარცვი ძვირფასეულობა ამოიღო.