სომხეთში ქალებს ჯარში ნებაყოფლობით გაიწვევენ
სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა სომხეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, სომხეთში, „ქალებისთვის, საკუთარი ნების საფუძველზე, სავალდებულო ჯარის სისტემა“ დაინერგება.
მინისტრის თქმით, კანონპროექტი განსაზღვრავს ქალთა ნებაყოფლობით სამსახურში გაწვევის შესახებ განცხადების შეტანას, სამხედრო აღრიცხვას, სამხედრო სამსახურში გაწვევას, სამსახურის ადგილის განსაზღვრას, სამსახურის დასრულების შემდეგ ჯილდოების მიღებას.
პაპიკიანის თქმით, მათთვის სავალდებულო სამსახურის ვადა 6 თვე იქნება:
"ქალი არ დაექვემდებარება გადავადებას და სამსახურის შეწყვეტას ოჯახური მიზეზების გამო, ხანმოკლე სამსახურებრივი ვადით. ამ გარემოებების არსებობა უნდა შემოწმდეს მათ სამსახურში გამოძახებამდე. გაწვევის მომენტამდე ქალებს უფლება ექნებათ უარი თქვან სამსახურზე“, – განმარტა მან.