ჯანმოს ჯერჯერობით არ აქვს ეს მედიკამენტი აღიარებული - თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის სამკურნალო წამალზე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მედიკამენტი, რომელსაც აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ახასიათებს სერიოზული გვერდითი მოვლენები.
გაბუნიას განმარტებით, მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის თუნდაც, რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება სახელმწიფოს მიერ პაციენტებისათვის ამ მედიკამენტით უზრუნველყოფა, საქართველო მზად არის, ამ ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უპირობოდ აიღოს ვალდებულება და დაიწყოს საქართველოში, მედიკამენტის შემოტანისთვის საჭირო პროცედურები.
„ჩვენ გვქონდა კონსულტაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომელიც ამბობს, რომ ჯერჯერობით არ აქვს ეს მედიკამენტი აღიარებული, რადგან ძალიან ცოტა დრო გავიდა და მონაცემები მწირია. ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციას რეკომენდაცია იყო ის, რომ ჩვენ უნდა მივყვეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, საუკეთესო პრაქტიკას, რაც ჯერჯერობით მწირია, მაგრამ მათ ასევე დაგვიდასტურეს მზაობა, რომ დაგვეხმარონ ამ მონაცემების მოპოვებაში. მათი პოზიციაც იგივეა, ჯერ ძალიან ადრეა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ მედიკამენტის დანერგვა ქვეყანაში მოხდეს და ამან მოიტანოს უფრო მეტი სარგებელი, ვიდრე შესაძლოა, რაღაცა ზიანი, რაზეც ჯერჯერობით მონაცემები არავის არ აქვს. ჩვენი გუშინდელი შეთავაზება შეეხებოდა იმას, რომ მეტი დროა საჭირო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, ორგანიზება გაუწიოს და დააფინანსოს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ყველა საჭირო პროცედურა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
შეგახსენებთ, მოზარდების დედები უკვე რამდენიმე დღეა მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლის დაფინანსებას ითხოვენ და კანცელარიის ეზოში ღამეებს ათევენ. ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, პრემიერი ღარიბაშვილი კი მათ არ ხვდება.
წყარო: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“