"ჩემი პირველი შენატანი 100 000 ლარი იქნება" - მამუკა ხაზარაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დახმარების ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის
პარტია "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების დახმარების ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის.
"აქონდროპლაზიით დაავადებული 12 ბავშვი დაფინანსების მოლოდინშია. ამ დაფინანსებაზეა დამოკიდებული მათი სიცოცხლე და ეს საკითხი სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს.
მივმართავ მთავრობას, შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს ამ ბავშვების გადასარჩენად. მზად ვარ, პირადად მივიღო მონაწილეობა ამ ფონდის დაფინანსებაში.
არის საკითხები, რომლებიც ყველანაირ პოლიტიკაზე მაღლაა. მოდით, ვისწავლოთ ასეთი საქმეების ერთობლივად კეთება პოლიტიკის გარეშე, ვისწავლოთ გაერთიანება პრობლემის გარშემო, ვისწავლოთ ერთად სიკეთის კეთება", - წერს მამუკა ხაზარაძე.
ცნობისთვის, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
მშობლები მთავრობას სთხოვენ, დააფინანსოს მედიკამენტები, რომელიც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი.
ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირის თუნდაც რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება ამ მედიკამენტით უზრუნველყოფა, საქართველო მზადაა, მისი შემოტანისთვის საჭირო პროცედურები დაიწყოს.