ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რაც განამტკიცებს საქართველო-იტალიის ურთიერთობებს - ანტონიო ტაიანი
საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციის გაფორმებას იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი, ანტონიო ტაიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც განამტკიცებენ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და გააღრმავებენ თანამშრომლობას მეცნიერებისა და კულტურის სფეროში. მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზას და მის ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ტაიანი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ, საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას ხელი 21 აპრილს მოაწერეს.