ერთჯერადი კვება ერთხელ და სამუდამოდ დააკანონეთ სკოლებში - შალვა ნათელაშვილი მთავრობას მიმართავს
"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი (საქსტატის) მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევას ეხმაურება.
მისი თქმით, მთავრობამ ერთჯერადი კვება უნდა დააკანონოს სკოლებში.
"საქართველო ოფიციალურად გადაიქცა ერთადერთ ქვეყნად, სადაც ხორციელდება ბავშვების გენოციდი, სადაც მმართველი ელიტის შვილები სპეცკორტეჟებით დადიან კერძო სკოლებში გაძლიერებული ოთხჯერადი კვებით, ხოლო ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში 100 ათასობით მოსწავლე შიმშილობს, რის გამოც, მათ არ შეუძლია არა მარტო შესასწავლი მასალის აღქმა, არამედ შეუძლებელი ხდება ნორმალური ფიზიკური განვითარება.
რამდენიმე წლის წინ „ლეიბორისტულმა პარტიამ“ პარლამენტში შევიტანეთ კანონპროექტი განათლების კანონში ცვლილებების შესახებ, რომლითაც დაკანონდებოდა უფასო ერთჯერადი კვება სკოლებში. არავის ის დღემდე არ გახსენებია.
მოვითხოვთ კატეგორიულად და ძალიან მწვავედ, სანამ გადავიდოდეთ აქტიურ მოქმედებებზე მშობლებთან ერთად, სასწრაფოდ მოწვეულ იქნეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და ერთჯერადი კვება იქნეს სკოლებში ერთხელ და სამუდამოდ დაკანონებული.
გამოიყვანონ მმართველი ელის წარმომადგენლებმა თავიანთი შვილები კერძო სკოლებში და შეიყვანონ ჩვეულებრივ სკოლებში, სადაც ხალხის შვილები დადიან“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის.