ვნახე გაჭირვებაც, რთული იყო, 16 წლიდან აბსოლუტურად ყველაფერი ჩემს თავზე ავიღე - ნუცა ბუზალაძის უცნობი, ემოციური ისტორია
მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ განაცხადა, რომ ქართველები ყველგან და ყოველთვის აძლიერებენ.
ამასთან, ბუზალაძემ ამერიკული ოცნების შესახებაც ისაუბრა.
„რაც გავიგე ზოგადად ჰოლივუდის შესახებ, ამის შემდეგ ოცნებად მქონდა ჰოლივუდი, იმდენჯერ წარმოვიდგენდი ჩემს თავს აქ…იმასაც კი წარმოვიდგენდი ხოლმე, თუ როგორ ვაძლევდი ინტერვიუს ინგლისურად…“ – თქვა ნუცამ.
ინტერვიუს დროს ნუცამ ცხოვრების სირთულეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ სირთულეებმა გააძლიერა.
„ყველაზე დიდი სირთულე იყო ის, რომ 16 წლიდან ძალიან ბევრი რამ ავიღე ჩემს თავზე იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა. 16 წლიდან ყველანაირად დამოუკიდებელი ვარ, ეს იყო ალბათ ყველაზე რთული, იმის მაგივრად რომ მეფიქრა, მაგალითად რომელ უნივერსიტეტში ჩავაბარო, სად ვისწავლო, სხვა რაღაცებზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი იმაზე, სად გამოვსულიყავი, რაღაც გადასახდელი გვაქვს, რაღაც გასაკეთებელია.
აბსოლუტურად ყველაფერი ჩემს თავზე იყო 16 წლიდან, რაც ჩემს ოჯახს ეხება და ალბათ ეს იყო ყველაზე რთული ჩემს გზაში, რაც გავიარე, თუმცა ამან შემქმნა იმ ადამიანად, რაც ახლა ვარ. მე ამისთვის დედაჩემს ვუხდი დიდ მადლობას… ძალიან ბედნიერი ვარ ეს გზა რომ გავიარე, ეს გზა რომ არ გამევლო, აქაც არ ვიქნებოდი, არ მექნებოდა ამხელა მოტივაცია, ამხელა ჟინი ცხოვრების, რომ ყველაფერი შევქმნა და ყველაფერი გამეკეთებინა.
ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ნახო კარგიც, უნდა ნახო გაჭირვებაც, რომ შემდეგ ადამიანებთან სხვა დამოკიდებულება გქონდეს. ვიღაცას, რომ შენნაირი პრობლემა ექნება ცხოვრებაში, რაც შენ უკვე გამოიარე, რომ იმას დაეხმარო,“ – აღნიშნა ნუცამ.