თეგებით ძიება

„მე მეშინია და მიხარია რომ მეშინია, რადგან, სანამ მეშინია, მანამდე ვარ ადამიანი“ - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ჩანახატს აქვეყნებს.

„შიშმა შექმნა ადამიანი.

საკუთარი ფიქრის შიშმა შექმნა

და ააგო ჯებირები საკუთარი ფიქრებისთვის

და უთხრა ფიქრებს - თუ აჯანყდებით და ადიდდებით,

თუ ჯებირებს გადათელავთ -

ან მხეცად მაქცევთ ან ღმერთად -

ორივე საშიშია.

შიშმა შექმნა ადამიანი, 

ღამით,  როცა ეძინა, ესიზმრა,

რომ  ძმა მიეპარა და მოკლა. 

საკუთარმა ყვირილმა 

გააღვიძა და უთხრა ძმას:

მოდი ჩვენ შორის ჩადგეს კანონი,

კანონი ანუ ერთმანეთის შიში.

შიშმა შექმნა ადამიანი.

ღამით, როცა ეღვიძა, იგრძნო სხვა სხეული, რომელსაც ეძინა და გააღვიძა და უთხრა:

როცა გვძინავს, ერთად გვეძინოს,

როცა გვღვიძავს, ერთად გვეღვიძოს, 

მოდი ჩვენ შორის ჩადგეს სიყვარული,

სიყვარული ანუ უერთმანეთობის შიში.

შიშმა შექმნა ადამიანი, 

დილით, როცა ეძინა, ესიზმრა,

რომ ღმერთს ხედავდა და ღმერთი იყო მისი მსგავსი - სხეულით და ოცნებებით.

საკუთარმა ყვირილმა 

გააღვიძა და უთხრა ღმერთს:

მე არ მინდა გხედავდე - 

მოდი ჩვენ შორის ჩადგეს ლოცვა,

ლოცვა ანუ შენი შიში.

შიშმა შექმნა ადამიანი.

დილით, როცა ეღვიძა,  საკუთარ თავს უყურებდა მზერაჩაბრუნებული -

საზარელი იყო, მახინჯი და მომაკვდავი,

შეეშინდა საკუთარი თავის და უთხრა:

მოდი ჩვენ შორის ჩადგეს სარკე,

სარკე ანუ საკუთარი თავის შიში.

მე მეშინია და მიხარია რომ მეშინია,

რადგან, სანამ მეშინია,

მანამდე ვარ ადამიანი,

მანამდე გელაპარაკებით.

#ახალისიმღერები 

შიშის სიმღერა

თანამოსასმენი: Tuxedomoon - Jinx

#გიორგიკეკელიძე  #giorgikekelidze“, - წერს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა