აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს, მინდა ვთხოვო, ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების წამლის შეძენის საკითხს გამოეხმაურება.
მისი თქმით, თქმით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბითა და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ აწარმოონ პოლიტიკური კამპანია.
"მათ განმარტება მისცეს, როგორც ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვების ოჯახებს, მშობლებს, ბატონი მინისტრი შეხვდა თავად, მისი მოადგილეც, არა ერთი საუბარი შედგა მათთან, საჯაროდაც გაკეთდა რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელი კომენტარი, ჯერ კიდევ რჩება კითხვები და სამწუხაროდ, თქვენ ნახეთ, რომ ხდება გაუგონარი რამ. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბითა და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია.
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, მე აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული თანაგრძნობა. მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო მათ გვერდით დგას და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ მინდა მათ ვთხოვო, ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას ნებსით, თუ უნებლიეთ. ჩვენ კარგად გვესმის და მინდა ყველას შევახსენო, ალბათ გახსოვთ, არავის არ გახსენებია, არც ერთ პოლიტიკოსს, რომელიც ახლა ჩართულია ამ კამპანიაში, ამ ბავშვების ბედი, საერთოდ არ გახსენებიათ არც მათი მდგომარეობა, არც არაფერი, არც მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და არც მაშინ, როდესაც არიან ოპოზიციაში.
გასაგებია, ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა, რომ ცდილობენ ყველა უბედურება თუ ყველა განსაცდელი თუ გაჭირვება, გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ბედი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, რაც უბრალოდ რომ ვთქვათ ჩვენ ყველამ, არის ამორალური საქციელი. ეს არის უზნეობა, ეს არის ყველაზე ზნედაცემული ქმედება, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს, მაშინ, როდესაც ვუყურებთ ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ადამიანების ჩართულობით უნდათ, რომ რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებს და მიზანს მიაღწიონ“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ქვეყანაში მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შემოტანას ითხოვენ.