საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
"დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ განვიხილოთ ორმხრივი ურთიერთობა ამ ტურბულენტურ სიტუაციაში. ომი უკრაინაში არის უზარმაზარი გამოწვევა ჩვენთვის, მთელი ევროპის არქიტექტურისთვის, ჩვენი რეგიონისთვის და საქართველოსთვის. ამასთანავე საქართველოს თავისი პრობლემა აქვს რუსეთთან, რაც მიმდინარე ოკუპაციაში გამოიხატება. მე ასევე მინდა გადაგიხადოთ მადლობა თქვენი ლიდერობისთვის და ნატოს გაძლიერებისთვის, ასევე პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
ასევე, ნება მომეცით მადლობა გადავუხადო ნატოს მოკავშირეებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორს, საქართველოს აქვს ნატოს მისიებში აქტიური მონაწილეობის ისტორია ერაყში, ავღანეთში და სხვაგან.
ჩვენი წვლილი ევროატლანტიკურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში კარგად არის ცნობილი და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები რჩება ჩვენს მთავარ საგარეო პრიორიტეტად. ჩვენ მივაღწიეთ დიდ პროგრესს ბოლო 10 წლის განმავლობაში, ხელი მოვაწერეთ ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ასევე უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას და გასულ წელს მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც დიდი წარმატებაა. ჩვენ ასევე ვმუშაობთ 12 პრიორიტეტზე, რაც მალე დასრულდება და ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პატივი მქონდა საქართველო-ნატოს საწვრთნელი ცენტრი გამეხსნა ბატონ გენერალურ მდივანთან ერთად 2015 წელს, რაც არის ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი", - თქვა ღარიბაშვილმა