თეგებით ძიება

ჩემი ქმარი შეიცვალა, სახლში ფული აღარ მოჰქონდა, 6 თვის ფეხმძიმე ვიყავი, რომ გამომიცხადა, შვილი აღარ მინდაო - ახალგაზრდა ქალის ემოციური ისტორია

პირობითად მაია იხსენებს, რომ ნაადრევად 20 წლის ასაკში გათხოვდა, რაც მისი ცხოვრებისთვის დიდი დაღი აღმოჩნდა.

მისი თქმით, პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს. შემდეგ ახალი ოჯახი შექმნა და ძალიან ნანობს, მეორედ დაქორწინება რომ გადაწყვიტა. არც ამჯერად გაუმართლა.

მაია:

- მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი ოჯახი სიყვარულით რომ შევქმენი, მაშინ ვერასოდეს წარმოვიდგენდი ჩემი ქმარი ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანი თუ იქნებოდა. სამი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. დედამთილთან და მამამთილთან ერთად, 3-ოთახიან ბინაში ვცხოვრობდით.

მალე გოგონა შეგვეძინა და მის აღზრდაში ძალიან ჩართული იყო. ერთ წელში ისევ დავრჩი ფეხძიმედ და მეორე შვილი გაგვიჩნდა. გოგოს და ბიჭს ვზრდიდით. სანამ ბავშვები ბაღში წავიდნენ, მეც სახლში ვიყავი. დედამთილი მეხმარებოდა.

ჩემი ქმარი მუშაობდა. უხმოდ, თვალებით ვუგებდით ერთმანეთს. მერე მეც დავიწყე მუშაობა და ორივეს დატვირთული დღის რეჟიმი გვქონდა. ბავშვები დედამთილს გამოჰყავდა სკოლიდან და ხელს გვიწყობდა.

ფუფუნებაში არ გვიცხოვრია, მაგრამ ეკონომიკურად არ გვიჭირდა, საწუწუნო არაფერი მქონდა. ჩემი მამამთილიც მუშაობდა და ნორმალურად ვიყავით. იმდენი წელი ვიყავი იმ ოჯახის რძალი და არ მახსოვს, დედამთილთან კონფლიქტი მქონოდა. ძალიან კარგი ადამიანია. ჩემთვისაც მთავარი იყო სახლში სიყვარული გვქონოდა. ზოგჯერ ჩემი დაქალები მათი ოჯახის პრობლემებზე საუბარს რომ დაიწყებდნენ, სულ მიკვირდა. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, ბესოს დაშორდებიო, გამეცინებოდა ამაზე. მაგრამ თურმე ადამიანმა არ იცის, ვისი ცხოვრება როგორ წავა. ამიტომ ყველას ვურჩევ, თავდაჯერებულები ნუ იქნებიან. თურმე სიურპრიზები ხშირად ხდება.

- რა მოხდა თქვენ შორის?

- ბავშვები რომ წამოიზარდენ, ჩემი დედამთილი და მამამთილი სოფელში გადავიდნენ საცხოვრებლად. გურიაში გვაქვს სოფელი და იფიქრეს იქ დაეწყოთ პატარა საოჯახო ბიზნესი. სახლი ზღვასთან ახლოს იყო და ოთახებს ვაქირავებდით. იქვე თონეც გააკეთა ჩემმა მამამთილმა და პატარა სასურსათო მაღაზიაც გახსნა. თბილისში კი ჩვენ ვიყავით და პერიოდულად ჩავდიოდით სოფელშიც... ჩემი ქმარი მოულოდნელად შეიცვალა, ოჯახზე მზრუნველი მამა, უდარდელი კაცივით იქცეოდა. სახლში ფული აღარ მოჰქონდა, ამბობდა, სამსახურში სიტუაცია გაფუჭდაო და ამას გაგებით შევხვდი. არც ამის გამო დამიწყია ჩხუბი და დავიდარაბა, რადგან ასეც ხდება. მერე აგრესიული გახდა, უმნიშვნელო რამეზეც შეეძლო ჩხუბი აეტეხა. ვეღარ ვცნობდი და ვერც ამის მიზეზს ვპოულობდი.

თავიდან ვიფიქრე, რომ სხვა ქალი ჰყავდა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ საქმე რთულად იყო. ვერაფერი რომ ვერ მოვახერხე, ჩემს დედამთილს მოვუყევი ყველაფერი და ვუთხარი, იქნებ შენ ჰკითხო შენს შვილს რა აწუხებს-მეთქი. ვერც ის გახდა ვერაფერს. რამდენიმე დღით თბილისში ჩამოვიდა და თავისი თვალით უყურა მის საქციელებს.

მოგვიანებით გავიგეთ, რომ კაზინოში დიდი ფული ჰქონდა წაგებული. ამის გამო, სახლიდან ნივთებიც კი გაჰქონდა. ჯერ კომპიუტერი წაიღო, მერე ტელევიზორი და ნოუთბუქი. მოკლედ, სამსახურიდან სახლში დაბრუნებული რომ აღმოვაჩენდი რაღაც ნივთი დაკარგული იყო, ვკითხავდი, სად წავიდა-მეთქი, ის აგრესიულად მპასუხობდა, - მე რა ვიცი, სად წავიდაო.

შემდეგ სახლშიც დაიწყეს მოკითხვა მევალეებმა და ჩვენი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. აღმოჩნდა, რომ წაგებული ფულის გამო, პროცენტიანი ვალებიც ჰქონდა აღებული. თან ყველა ახლობლისთვის ფული გამორთმეული ჰქონდა. საშინლად აგრესიული გახდა, რამდენჯერმე მცემა კიდეც. როდესაც ქალები ვერაფერს გავხდით და გავიგეთ მიზეზი, ბესოს ძმა ჩამოვიყვანე და ყველაფერი მოვუყევი. ის იმ პერიოდში მოსკოვში ცხოვრობდა, აღმოჩნდა, რომ მანაც იცოდა მისი ვალების ამბავი და თურმე გარკვეული თანხაც კი გამოუგზავნა და ვალის გასტუმრების ნაცვლად ეს ფულიც კაზინოში წააგო.

წყარო: kvirispalitra.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა