თეგებით ძიება

პრეპარატს არ აქვს ზეგავლენა გართულებებზე, რაც ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის - რას აცხადებს ივანე ჩხაიძე მედიკამენტზე, რომლის ჩამოტანასაც მშობლები ითხოვენ?

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ცნობილია, რომ მას შეუძლია სიმაღლეში ზრდა, თუმცა სხვა ზეგავლენა შესწავლილი არ არის.

„თუ ჩვენ რისკებზე ვსაუბრობთ, ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს და მსოფლიოში არსებობს, ეყრდნობა იმ კვლევას, სადაც შესწავლილი იყო 121 ბავშვი და მათი ზეგავლენა სიმაღლეში ზრდაზე. სხვა ზეგავლენა ამ პრეპარატის, რომელიმე გართულების თავიდან აცილების ან რომელიმე სასიცოცხლო სხვა ფუნქციის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ამ კვლევის არც მიზანი ყოფილა და ეს ინფორმაციაც არ არსებობს. ერთადერთი, რაც ჩვენ ამ პრეპარატზე ვიცით, მწარმოებლის მიერ ჩატარებულო კვლევაა, რაც მიუთითებს იმას, რომ ამ პრეპარატს შეუძლია სიმაღლეში ზრდის უზრუნველყოფა.

რაც შეეხება კითხვებს, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის, რა ხდება მომდევნო წლების განმავლობაში, არის თუ არა გართულების რისკი, არის თუ არა შორს მიმავალი შედეგები შესწავლილი კვლევის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია არ არსებობს. ერთწლიან მონაცემებზე დაყრდნობით გვაქვს ჩვენ ეს ინფორმაცია. შესაბამისად, ერთი რამ ცხადია-ამ პრეპარატს არ აქვს ზეგავლენა იმ გართულებებზე, რაც ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანია ამ ბავშვებისთვის. ვგულისხმობ ხერხემლის დეფორმაციას, ვგულისხმობ სხვა ცვლილებებს, რომელთა ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, თუმცა, ამ პრეპარატის ზეგავლენა გართულებებთან დაკავშირებით არ არსებობს.

ჯერჯერობით, ამ პრეპარატის შორს მიმავალი შედეგები ცნობილი არ არის, როგორც დადებითი, ისე ნეგატიური. არავინ იცის, რა მოხდება 2-3 წლის გამოყენების შემთხვევაში, გრძელდება თუ არა იმავე მოცულობით ზრდა, თუ ეს არის პირველი წლის შედეგი. ძირითადი პოზიცია, რაც ქვეყნებს აქვთ, სწორედ აქედან გამომდინარეობს, არ ვიცით ამ პრეპარატის შორს მიმავალი შედეგები. ჯერჯერობით, ამ კითხვაზე პასუხი არა მხოლოდ საქართველოში, არსად არ არსებობს. სწორედ ამიტომ დამატებითი კვლევებია საჭირო იმისთვის, რომ ნათელი გახდეს ამ პრეპარატის საბოლოო ეფექტურობა და უსაფრთხოება",-განაცხადა ჩხაიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა