თეგებით ძიება

პარლამენტში შემდეგ კვირას თავიდან იწყება თავდავიწყება - რომან გოცირიძე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მოსამართლეების სანქცირება პირდაპირ ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის თავზე ყულფის მოჭერას.

როგორც გოცირიძე განმარტავს, ივანიშვილი სანქციებზე დარდობს.

„ყველაფერი აქამდე მიდის, ეს არის ყველზე ბოლო ინსტანციის ძალაუფლება, რომელშიც წყდება ყველაფერი - ფინანსური საკითხები, პოლიტიკური დევნის საკითხები, არჩევნების შედეგები. იქიდან დაიწყეს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ამიტომ სანქციების დარდი აქვს ახლა“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე განმარტებით, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრისთვის ოპოზიცია მომდევნო კვირასაც მზადყოფნაში იქნება.

„შემდეგ კვირას თავიდან იწყება თავდავიწყება. „ქართული ოცნება“ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და არ დადის პარლამენტში. როცა ამას ვამბობ, როგორ არ დავდივართო, აგერ ვსხედვართო, ამბობენ. მოდიხარ პარლამენტში და არ გადიხარ რეგისტრაციას, სხვათა შორის, ამაზე ჯარიმაა, ყოველ არმოსვლაზე 10%-ია, დეპუტატს ხელფასი 3 400 ლარი აქვს და მისი 10% - 340 ლარი ყოველ არ მისვლაზე ეჭრებათ, მაგრამ მათ ახლა ფული არ ადარდებთ, ფულს იქით მოგცემენ, ოღონდ არ მიხვიდე, ერთ 10 მილიონს გადაგვიხდიან, ოღონდ არ მივიდეთ და არ შევაწუხოთ. რა იქ ყოფილხარ, გდებულხარ, ან რუსთაველის პროსპექტზე იქვე, ქუჩაში გისეირნია, ეს სამართლებრივად იგივეა.

რას გააკეთებენ მომავალი სამშაბათიდან - ახლა ვაფრთხილებთ, რომ ყველანი მოვდივართ, მათ შორის, ზოგიერთი ადამიანი, ვინც ავად იყო და სტამბულში მკურნალობდა, ადგილზეა. ერთადერთი გამოსავალია, რომ მშენებლობის ქვეშ არ უნდა გაიაროს ოპოზიციონერმა, ვაითუ, აგური ჩამოვარდეს, ეს არის ოცნება, რომ ერთი აგური ვინმეს მოხვდეს თავში, დანარჩენი, ყველანაირად ვართ მობილიზებული. რას იზამენ? ასე პარლამენტის პარალიზება შეუძლებელია, რაღაც პროცედურული ხრიკებით, კანონდარღვევით, იმ 50 კანონს ალბათ კენჭს უყრიან, მაგრამ როგორ უნდა გააკეთონ, რომ 50-ს კენჭი უყარონ და ჩვენი ეს ერთი კანონი, სადაც 50 ხმაა საჭირო, გვერდზე გაწიონ, არ ვიცი. ეს იქნება კომიკური, უხეში კანონდარღვევა და იმის მაჩვენებელი, რომ ამ ადამიანებს არაფერი აინტერსებთ, არც კონსტიტუციური გარანტიები... ისინი ამბობენ, ჩვენ სასამართლოსთან დაკავშირებით არ დავუშვებთ კომისიასო, სასამართლო ხომ წმინდა ძროხაა, როგორც ინდოეთში და ხელშეუხებელი, ვითომ, უმწიკვლო, დამოუკიდებელი. ახლა გეკითხებით, „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით დაუშვებთ? 30 ხელმოწერა დღეს შევა პარლამენტში, 30 ხელმოწერაა საჭირო, რომ პროცესი დაიწყოს, ხოლო - 50 გადაწყვეტილება რომ მიიღონ. ხომ ამბობენ „ქოლცენტრები“ ოპოზიციის და ვიღაცების დაფუძნებულია, ევროპელი პენსიონერები შეჭამესო. ახლა, როცა ამ კომისიის შექმნას დავიწყებთ, დაუჭერენ მხარს, თუ არა? თუ არ დაუჭერენ მხარეს, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქოლცენტრები“ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული მაფიაა, რომელიც ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, ეს იქნება მთავარი ტესტი, ისინი მართლა სასამართლოს გამო არღვევენ კონსტიტუციას და წმინდა ცნებად მიაჩნიათ, თუ ნებისმიერ საგამოძიებო კომისიას ისინი დაბლოკავენ, რომელიც მათ პირად ინტერესებს ეხება“, - განაცხადა გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა