თურმე ჩემით თამაშობდა, არ ვიცოდი, ცოლშვილიანი რომ იყო... თავის ბინაშიც დავყავდი - რა ემოციურ ისტორიას იხსენებს ახალგაზრდა ქალი?
რესპონდენტი, პირობითად მაია აცხადებს, რომ ახალგაზრდა ასაკში ცოლშვილიანმა კაცმა მოატყუა, რასაც ძალიან ნანობს.
მაიას პატარა ლიზის გაზრდა მარტოს უწევს და ამბობს, რომ ამ მდგომარეობას უკვე შეგუებულია. მისი თქიმთ, 22 წლის იყო, როცა ცოლიან მამაკაცთან გააბა რომანი, ამბობს, რომ იგი მოატყუეს. დღეს მასთან ურთიერთობას ძალიან ნანობს და მომხდარში მაინც საკუთარ თავს ადანაშაულებს.
მაია:
- ბავშვობიდან ძალიან სხვანაირი, თავნება გოგო ვიყავი. არავის აზრს არ ვითვალისწინებდი და ვცდილობდი, ყოველთვის ჩემი კაპრიზები გამეტანა, სხვებისთვის არ მომესმინა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, ასეთ გამოუსწორებელ შეცდომას თუ დავუშვებდი. სხვებისთვის რომ მომესმინა, ამ მდგომარეობაში არ ჩავვარდებოდი. ახლა უკვე ვხვდები ჩემს შეცდომებს, მაგრამ ამაზე წუწუნს აზრი აღარ აქვს. დღეს ჩემი საფიქრალი ჩემი შვილია და იმას ვცდილობ, რომ მას არაფერი მოვაკლო. თუმცა სანამ წელში გავიმართებოდი, მანამდე უმძიმესი დღეები გამოვიარე. ბევრჯერ საშინელ დეპრესიაში ჩავვარდნილვარ, სიცოცხლე აღარ მინდოდა, მაგრამ თავის მოკვლაზე ფიქრს მაშინვე ვწყვეტდი იმის შიშით, რომ ჩემი შვილი მარტო დარჩებოდა. არ მინდა, ჩემი შვილი დაიჩაგროს და მართლა ყველაფერს გავაკეთებ მისი ბედნიერებისთვის.
- მოგვიყევით თქვენი ამბავი...
- როცა ახლობლებმა ჩემი ორსულობის ამბავი გაიგეს, ბევრმა გამკიცხა და ზურგი მაქცია. ირგვლივ ყველა ჩემი ლანძღვით იყო დაკავებული და ყველა ჩემს ასაკს უსვამდა ხაზს, ამბობდნენ, სამაგისო რა სჭირდა, რომ ცოლშვილიან კაცთან რომანი გააბაო? სხვისი განსჯა ძალიან ადვილია, მაგრამ არავინ იცის, ვინ როგორ მოიქცეოდა ჩემს ადგილას. ბევრი ტკივილი მომაყენეს, არ ვმალავ, რომ იგი ძალიან მიყვარდა და არც თავის მართლებას დავიწყებ, როცა გავიცანი, მართლა არ ვიცოდი, რომ ცოლშვილიანი იყო.
- მოგატყუათ?
- დიახ. ერთმანეთი ახლობლის სახლში გავიცანით. ჩემზე 8 წლით უფროსია, გარეგნობით მიიქცია ჩემი ყურადღება და მთელი სუფრის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ ისიც მიყურებდა. მის მზერას სულ ვიჭერდი და რამდენჯერმე შევხედეთ ერთმანეთს. იმ სახლიდან რომ გამოვედი, ისიც გამოვიდა და იმ ღამით სახლამდე მიმაცილა. მითხრა, რომ მოვეწონე და მობილურის ნომერი გამომართვა. მეორე დღეს დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, უარი ვუთხარი, საქმე მოვიმიზეზე, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მაინც შევხვდით ერთმანეთს და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. კარგა ხანი ისე ვხვდებოდით ერთმანეთს, რომ ეს ამბავი არავისთვის გვითქვამს. მანაც გამაფრთხილა, არავისთვის არაფერი მეთქვა, რას ვიფიქრებდი, რომ ცოლიანი იყო. თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. ერთ დღეს მითხრა, რომ ძალიან ვუყვარდი. მეც მომწონდა და არც მე დამიმალავს, რომ მის მიმართ გრძნობა გამიჩნდა. ჩვენი შეხვედრები ასე გრძელდებოდა - სამსახურის შემდეგ მომაკითხავდა მანქანით და, ძირითადად, ქალაქგარეთ დავდიოდით, ხან რესტორანში მეპატიჟებოდა და... მეც შემიყვარდა. ძალიან რთულია ამ ყველაფრის აღიარება, მაგრამ მოვყევი.