თეგებით ძიება

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მგზავრის გაუპატიურებისთვის ტაქსის მძღოლს 7 წელი მიუსაჯეს - "საფარი“

ქალის გაუპატიურებისთვის, ტაქსის მძღოლს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "საფარი" ავრცელებს. 

"არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქალის გაუპატიურებისთვის, ტაქსის მძღოლს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 აპრილს გამოაცხადა.

შემთხვევა 2022 წლის სექტემბერში მოხდა. დაზარალებული ქალი მეგობრებთან ერთად კლუბში იყო, სადაც ალკოჰოლი მიიღო. როგორც ამბობს, მშიერი იყო, რის გამოც მალე დათვრა და სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. საქმის მასალებში დევს კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ გამოიყვანეს ქალი მეგობრებმა კლუბიდან და ჩასვეს ტაქსიში. ჩანაწერში გარკვევით ჩანს მანქანა და სანომრე ნიშნები. საქმეში დევს კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი, რომელიც უკვე ქალის საცხოვრებელ სახლთანაა გადაღებული. ამ ჩანაწერში ჩანს, როგორ გადმოდის ქალი მანქანიდან და შედის სადარბაზოში. ჩანაწერებს შორის შუალედი თითქმის 7 საათია: ქალი კლუბიდან დაახლოებით 00:02 საათზე წამოვიდა, სახლში კი დილით, დაახლოებით 08:00 საათზე დაბრუნდა. ალკოჰოლური თრობის გამო, მას არ ახსოვს სად იყო და რა მოხდა მთელი ღამის განმავლობაში.

სახლთან გადაღებული ვიდეოჩანაწერების მიხედვით, ქალი თავისი ფეხით გადმოდის მანქანიდან და შედის სადარბაზოში, თუმცა მას არც ეს ეპიზოდი ახსოვს. როგორც ჩანს, ამ მონაკვეთში ის ინსტიქტურად მოქმედებდა. კლუბიდან გამოსვლის შემდეგ მას მეხსიერება მხოლოდ სადარბაზოს კიბეზე უბრუნდება. სატელეფონო ზარებისა და ჩანაწერების მიხედვით, მან სადარბაზოში დაახლოებით 30-40 წუთი გაატარა. ქალის არც ეს პერიოდი ახსოვს.

იურისტი, ნელი ქარელი განმარტავს, რომ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება – ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ქალი გაუპატიურების მსხვერპლია, თუმცა მის სხეულზე და ტანსაცმელზე ვერ აღმოაჩინეს კაცის ბიოლოგიური მასალა. ამის მიუხედავად, მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ვიდეოჩანაწერების გარდა, საქმის მასალებშია მოწმეთა ჩვენებები, ტაქსის კომპანიის აპლიკაციიდან ამოღებული მარშრუტი, სატელეფონო ზარები და შეტყობინებები. საცხოვრებელი სახლთან გადაღებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ქალი მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ იკრავს შარვლის ღილს. გარდა ამისა, ამოღებულია შემთხვევის შემდეგ ქალსა და ტაქსის მძღოლს შორის მიმოწერა, სადაც კაცი ადასტურებს, რომ გოგონა მთელი ღამის განმავლობაში მასთან ერთად, ერთ-ერთ ავტოსადგომზე იმყოფებოდა.

იურისტი, ნელი ქარელი განმარტავს, რომ თანხმობა სქესობრივ ურთიერთობაზე უნდა იყოს ცხადი და ნამდვილი. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქალი ვერ გასცემდა თანხმობას, რომელიც მისი ნების რეალური გამომხატველი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, შემთხვევა ჩაითვალა გაუპატიურებად დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ გაუპატიურების შესახებ არსებული კანონი პრობლემურია და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. სამწუხაროდ, ქართული კანონმდებლობით გაუპატიურებად ითვლება მხოლოდ ისეთი შემთხვევები, რომლებიც ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით მოხდა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაში გაუპატიურების გამოძიება თანხმობის არარსებობას ეფუძნება. თანხმობა, თავის მხრივ, ნიშნავს თავისუფალი ნების საფუძველზე გამოხატულ, ცხად და აშკარა დასტურს სქესობრივ აქტზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ალკოჰოლური თრობა უმწეო მდგომარეობად ჩაითვალა და შესაბამისი განაჩენიც დადგა. თუმცა, პრაქტიკაში არსებობს მთელი რიგი შემთხვევები, როცა სქესობრივ აქტზე რეალური თანხმობა არ არის გაცემული, თუმცა ქართული კანონმდებლობა მომხდარს გაუპატიურებად არ აკვალიფიცირებს. შესაბამისად, დამნაშავეები არ ისჯებიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია კანონის ცვლილება და გაუპატიურების დაფუძნება თანხმობის არარსებობაზე. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თანხმობად ვერ და არ ჩაითვლება დუმილი და/ან წინააღმდეგობის არგაწევა", - წერია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა