თეგებით ძიება

მარტვილში, ცოფის დადასტურების გამო, კარანტინი გამოცხადდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა. ამის განკარგულება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ,  სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე უკვე გამოსცა.

კარანტინი გამოცხადდა დაავადების კერიდან 10 კილომეტრის რადიუსში.

განკარგულების თანახმად, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში, გატარდება ცხოველების ვაქცინაცია, 2-3 კილომეტრის რადიუსით (განურჩევლად წინა ვაქცინაციის ჩატარების ვადებისა), აცრილი ცხოველის იზოლირება უნდა მოხდეს აცრიდან 60 დღის განმავლობაში.

კარანტინის პერიოდში, იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც. მოხდება ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებისა და დადორბლილი საგნების დეზინფექცია.

განკარგულების შესაბამისად ადამიანები, რომლებიც დაკბენილები ან დადორბლილები იყვნენ ცხოველის მიერ, აყვანილ იქნენ ანტირაბიულ კონტროლზე. არსებული კარანტინი მოიხსნება ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ.

შეგახსენებთ, 24 აპრილს მარტვილში დაფიქსირდა მიუსაფარი ძაღლის მიერ 10 ადამიანის დაკბენვის ფაქტი. ყველა მათგანს ჩაუტარდა პრევენციული (ანტირაბიული) მკურნალობა. ძაღლი  დაკვირვების მიზნით, გადაყვანილი იყო თავშესაფარში, სადაც ცხოველი მოკვდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა