ციხეში დამჭრეს, შვიდჯერ დამარტყეს დანა - რას ჰყვება ავთანდილ ხურციძე?
ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე, რომელიც აშშ-ის ციხიდან ახლახან გამოუშვეს, ამბობს, რომ პატიმრობის დროს გარკვეული პრობლემები ჰქონდა.
„რაზეც მდებენ ბრალს, ის გაკეთებული რომც მქონდეს, ამ ციხეში არ უნდა ვიყო. აქ არიან გამოუსწორებელი პატიმრები. აქ დანით დამჭრეს, შვიდჯერ დამარტყეს დანა, რის გამოც ხუთწლიანი პატიმრობა დამიმატეს. ხალხი გაგიჟებულია. თავზე შრამები მემჩნევა, თავი გადახოტრილი მაქვს და ისე დავდივარ. ათი ნაკერი დამადეს. სპეციალურად გადავიხოტრე, რომ მტკიცებულება ყოფილიყო, რათა ეს ყველაფერი ენახათ.
მარცხენა მკლავში დარტყმული დანა, მკერდში დარტყმული დანა. განწირული ვიყავი, მაგრამ ვივაჟკაცე და თავი გადავირჩინე. ამბობენ, კამერაში რაც ხდება, იმას ვერ ვაკონტროლებთო, მაგრამ ეს ყველაფერი გარეთ ხდებოდა. ეს ქეისი მოვიგე. სასამართლო პროცესზე უნდა წავრსდგე, რათა ეს ხუთი წელი მომეხსნას.
საქართველოს მთავრობა ჩემ საწინააღმდეგოდ მუშაობს, მათ ჩემთვის არაფერი გაუკეთებიათ. მკითხეს, რა გინდაო. მე ვუთხარი: “რა შეგიძლიათ?” მითხრეს, რომ წიგნების შემოგზავნა შეეძლოთ. ლოცვის წიგნი და ხატები შემომიგზავნეთ მეთქი და ისიც არ შემომიგზავნეს", - განაცხადა ავთანდილ ხურციძემ.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული.
ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.
2018 წლის სექტემბერში ხურციძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.