ექსპერტიზის დასკვნაში 39 დაზიანებაა ასახული - 12 წლის გარდაცვლილი გოგოს ოჯახის ადვოკატი
დიდ დიღომში დაღუპული 12 წლის გოგოს, ანა იანუშაიტიტეს ოჯახის ადვოკატის, ელისო რუხაძის ინფორმაციით, მოზარდის ექსპერტიზის დასკვნაში 39 დაზიანება არის ასახული და მათგან ბევრი მცირე ექსკორიაციებია, თუმცა თითოეული დაზიანების წარმოშობის კვალი მნიშვნელოვანია და ბევრ კრიტიკულ კითხვას ბადებს.
ადვოკატისვე თქმით, მოზარდს არ აღენიშნება სექსუალური ძალადობისთვის დამახასიათებელი ტრავმული ნიშნები.
"მნიშვნელოვანია ყელზე დაზიანებები ნაჭდევები სისხლჩაქცევები და მსგავსი ტიპის კეროვანი დაზიანებები, რომლებიც მექანიკურად არის მიყენებული ბლაგვი სხეულის ზემოქმედებით და, ასევე, სხეულის თითქმის ყველა ადგილას სხვადასხვა დიდი ზომის დაზიანება, რომელთა წარმოშობის კვალი და რიგი დეტალები ამ კონკრეტული ექსპერტიზის ფარგლებში არ არის დადგენილი", - ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით, ყველა ეს დაზიანება არის სიცოცხლისდროინდელი და სიკვდილამდე არის განვითარებული.
"შესაბამისად, ის ვერსია, რომ ბავშვი თავად დაიხრჩო ან გარკვეული საკვები მიიღო და ამის შემდეგ განვითარდა ეს მოვლენები, ამ ექსპერტიზის დასკვნით ფაქტობრივად გამოირიცხა", - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.