თეგებით ძიება

ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილი 22 ადამიანიდან ერთს ვერ მიაკვლიეს

მარტვილში ძაღლის მიერ დაკბენილი 22 ადამიანიდან ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი მხოლოდ 20-მა ჩაიტარა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ანზორ ქობალიამ „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა.

ქობალიას თქმით, ერთმა ადამიანმა თავისივე სურვილით ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის გაკეთების შემდეგ, მკურნალობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აუცრელობის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. კიდევ ერთი დაკბენილი მოქალაქის მოძიება კი ჯერ ვერ მოხერხდა.

მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ როზა ჯანაშიას თქმით, ძაღლის მიერ დაკბენილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ესენი ძირითადად ერთი დღის დაკბენილები არიან. მათ მაშინვე მიაკითხეს „ევექსის“ კლინიკას ადგილზე. კლინიკა მომარაგებული იყო შესაბამისი ვაქცინით. ამ ადამიანებს უტარდებათ მკურნალობის კურსი. დღეს მათ მესამე ნემსი გაუკეთდათ. მათ თავიდანვე დაენიშნათ სრული კურსი. იმიტომ რომ ჩვენ თავიდანვე გვქონდა ეჭვი, რადგან ამდენი ადამიანი ერთდროულად დაკბინა ძაღლმა... ჩვენ ეს ხალხი ყველა კონტროლზე გვყავს და ვეხმარებით ყველანაირად“, - განაცხადა როზა ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, 24 აპრილს მარტვილში დაფიქსირდა მიუსაფარი ძაღლის მიერ 22 ადამიანის დაკბენვის ფაქტი. ძაღლი  დაკვირვების მიზნით, გადაყვანილი იყო თავშესაფარში, სადაც ცხოველი მოკვდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა