ოპოზიციის განცხადებები, თითქოს საქართველო მხარს არ უჭერდა უკრაინელ ბავშვებს, არის მანიპულაცია - ირაკლი ჩიქოვანი
უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ფოთში, "ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციის განცხადებები, თითქოს საქართველო მხარს არ უჭერდა უკრაინელ ბავშვებს, არის მანიპულაცია.
"მათ კარგად იციან, რომ დელეგაცია უბრალოდ იმ პერიოდში არ იმყოფებოდა ევროპის საბჭოში. დელეგაციას მხარი აქვს დაჭერილი ამ რეზოლუციისთვის საკომიტეტო მოსმენებზე და ისევე როგორც საქართველოს დელეგაციას, ასევე თუ კარგად ჩაიხედავენ, ამ რეზოლუციისთვის მხარი არ აქვს დაჭერილი 20-ზე მეტ სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ დეპუტატებს, მათ შორის, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, საბერძნეთს, ესტონეთს.
რა ვქნათ, ვივარაუდოთ რომ ეს სახელმწიფოები მხარს არ უჭერენ უკრაინას? ეს არის წმინდა წყლის სიცრუე, ეს არის ნახევარდღიანი ტყუილი, რომლითაც ცდილობენ ყურადღების მიპყრობას იმიტომ, რომ მათ სხვა არანაირი შინაარსი არ გააჩნიათ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ აბსოლუტურად ყველა რეზოლუცია, რომელიც მიღებული აქვს საქართველოს უკრაინასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მხარდაჭერილი აქვს ხელისუფლების წარმომადგენლებს. მათ შორის, არის რეზოლუციები, რომელზეც ოპოზიციის ხმები საერთოდ არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.