10 წელი ველოდე ამ მედიკამენტს - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა
პარლამენტთან აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედების და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.
"10 წელი ველოდე ამ მედიკამენტს. მომწერა ექიმმა, დაიწყეს პირველი კლინიკური კვლევა ერთადერთ მედიკამენტზეო, 10 წელი ველოდე და როდესაც მსოფლიომ აღიარა, მაშინ ყველაზე ბედნიერი დედა ვიყავი, მაგრამ ამავდროულად უბედური, რადგან ძალიან ძვირი ღირდა ეს მედიკამენტი. მე ვერ მივალ სახლში წამლის გარეშე, 8 წლის ასაკში ჩემს შვილს შევპირდი, როცა მკითხა, რატომ არ ვიზრდებიო. მაშინ შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი“, - ამბობს აქონდროპლაზიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის დედა, ქეთი ბეგიაშვილი.
შეგახსენებთ, თითქმის ორი კვირაა მშობლები კანცელარიასთან ღამეებს ათევენ. ისინი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე შვილებისათვის საჭირო წამლის, ვოზორიტიდის ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ.