"ნუცასთან ერთად ვულოცავ მთელ საქართველოს..." - ზაზა შენგელია
"ბრავო რეკორდსის" დამფუძნებელი, ზაზა შენგელია მომღარალ ნუცა ბუზალაძის "American Idol"-ში მონაწილეობას ეხმაურება და წერს, რომ ამერიკული ტელეაუდიტორია არც მენტალურად და არც მორალურად არ აღმოჩნდა მზად, არაამერიკელი კონკურსანტის მისაღებად.
"ვულოცავ ნუცა ბუზალაძეს ფანტასტიურ გამოსვლას დღევანდელ ტურში და ზოგადად მთელ პროექტში. მისი გამოსვლა იყო უაღრესად გამორჩეული, ღირსეული და ხარისხიანი.
იყო რა პირველი უცხოელი, რომელიც ამ კონკურსის საფინალო ლაივ შოუების ეტაპზე გავიდა, ნუცამ რეალურად შეცვალა ამ უზარმაზარი ტელეშოუს 25-წლიანი ისტორია და შეაღო ამ პრესტიჟული კონკურსის კარი ახალგაზრდა ტალანტებისთვის მთელი დანარჩენი მსოფლიოდან !
ნუცასთან ერთად ვულოცავ მთელ საქართველოს, რომელმაც ნუცას დახმარებით გაანგრია უზარმაზარი ყრუ კედელი და დაფიქსირდა მსოფლიოს უმსხვილესი და წამყვანი ამერიკული მუსიკალური ბაზრის რუკაზე, რაზეც მანამდე ოცნებაც კი ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე ამერიკული ტელეაუდიტორია (ყოველ შემთხვევაში მისი დიდი ნაწილი) არც მენტალურად და არც მორალურად არ აღმოჩნდა მზად, არაამერიკელი კონკურსანტის მისაღებად და პირიქით - ნუცას უნიჭო მეწყვილის, კარინა დიანჯელოს სპეკულაციური პროვოკაციის გამო, ფსიქოლოგიური წნეხის და ბულინგის ქვეშ მოაქცია ნუცა, თუმცა ამ სიტუაციაში ნუცა უაღრესად ღირსეულად მოიქცა და სტრესულ სიტუაციას კარგად გაართვა თავი. ეს ფაქტიც მის მებრძოლ ხასიათზე მიუთითებს.
დიდი მადლობა ყველას და განსაკუთრებით ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც რამდენიმე დღისა და ღამის განმავლობაში გადაბმულად მუშაობდნენ ნუცასთვის მისაცემი ხმების მობილიზაციისათვის. განსაკუთრებული მადლობა ცნობილ ქართველებს სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც სოციალური ქსელების საშუალებით ჩაერთვნენ ნუცას მხარდამჭერ კამპანიაში.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჟიურის წევრების პროფესიონალიზმი და განსაკუთრებული კეთილგანწყობა ნუცას მიმართ. მე ასე ვიტყოდი: წინა ტურში მათ არა მარტო გადაარჩინეს ნუცა, არამედ ირიბად აგრძნობინებდნენ, რომ ნუცა ამ შოუში ნიჭით, პროფესიონალიზმით და შრომისმოყვარეობით აბსოლუტურად გამორჩეული კონკურსანტი იყო.
როგორც ლაიონელ რიჩიმ ბოლო გამოსვლაში აღნიშნა, რომელ ადგილზეც არ უნდა გასულიყო ნუცა, მან American Idol-ის მრავალმილიონიან ტელეაუდიტორიას დაანახა, რომ ის არის უკვე შემდგარი ვარსკვლავი და აბსოლუტურად მზადაა ამერიკულ შოუ-ბიზნესში მუშაობისათვის.
This is Just The Begining, You Go Girl", - წერს შენგელია.