თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ მოხდება, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს - ვიოლა ფონ კრამონი
გერმანელი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს ქართველი ხალხის დამსახურება იქნება. ამის შესახებ კრამონმა „ტვიტერზე“ დაწერა და „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას „ტვიტი“ გააზიარა.
ხოშტარიამ აღნიშნულ „ტვიტში“ თბილისის მერის ციტირება მოახდინა, სადაც კახა კალაძე აცხადებს, რომ "თუ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, მოხარული ვიქნებით, მაგრამ თუ არა, არც ესაა პრობლემა". „დროას“ ლიდერი „ტვიტერზე“ აღნიშნავს, რომ კალაძე საფეხბურთო კლუბ "მილანის" ყოფილი ფეხბურთელია, რომლის ოთხივე შვილიც ევროკავშირში დაიბადა.
ვიოლა ფონ კრამონმა ხოშტარიას „ტვიტის“ საპასუხოდ დაწერა, რომ „ზუსტად პირიქითაა“.