თეგებით ძიება

"კიდევ ერთი მიზეზი არსებობს, რის გამოც ვარ ბედნიერი, ცრემლებამდე გულაჩუყებული და ამაყი" - ვის ფოტოს აქვეყნებს ნიკოლოზ რაჭველი?

კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანზე წერს, ვის გამოც ის ბედნიერია.

"დასრულდა კონსერვატორიის დაარსებიდან 106 წლისადმი მიძღვნილი საღამო და ვარ უსაზღვროდ გახარებული, რადგან მე და ჩვენს ეროვნულ ორკესტრს საშუალება მოგვეცა მიგველოცა ჩვენი სასწავლებლისთვის და მისი შესანიშნავი რექტორისთვის დაბადების დღე. თანხლება გავუწიეთ ახალგაზრდა მუსიკოსებს და აგრეთვე შევასრულეთ ჯერ კიდევ სტუდენტის, მაგრამ ძალიან ნიჭიერი, ღრმა და საინტერესო სანდრო წიქორიძის მიერ შექმნილი ნაწარმოები, რომლის პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა. 

მაგრამ კიდევ ერთი მიზეზი არსებობს, რის გამოც ვარ ბედნიერი, ცრემლებამდე გულაჩუყებული და წარმოუდგენლად ამაყი. ამის მიზეზი კი ეს ადამიანია, ვისთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც ვაზიარებ. მისი სახელი დემეტრე გვეტაძეა და ის კონსერვატორიასთან არსებულ სამუსიკო სემინარიაში სწავლობს. დემეტრემ დღეს ჩვენი ორკესტრის თანხლებით და ჩემი დირიჟორობით მოცარტის ვალტორინის კონცერტი შეასრულა. ის რომ კარგად დაუკრა ერთია, მაგრამ ჩემთვის ეს დღე დაუვიწყარი კიდევ იმიტომ არის, რომ მისი დედიკო დიანა მეტრეველი ჩვენი ორკესტრის დასარტყამ საკრავთა ჯგუფის ყველაზე გამორჩეული და ძვირფასი მუსიკოსი იყო, რომელიც ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან საშინელი სენის გამო, რომლის შესახებ უკვე ძალიან გვიან შეიტყო და რომელმაც კვირებში და დღეებში წაგვართვა… დემეტრე და მისი ძმა გიორგი ძალიან პატარები დაობლდნენ და დღეს ორივე ეროვნული ორკესტრის ახალი თაობის გამოკვეთილად ნიჭიერი წევრები არიან, გიორგი დედის პროფილს გაყვა და საოცრად კარგად უკრავს სიმფონიურ დასარტყამ საკრავებზე, ჯერ სტუდენტია, მაგრამ ისეთი, რომ ყველამ იცის და ყველას ეიმედება ჩვენს სფეროში, ხოლო დემეტრემ დღეს მის ურთულეს ინსტრუმენტზე ძალიან კარგად აჩვენა თავი და დარბაზიდან ისეთი მხარდაჭერა და ოვაციები დაიმსახურა იშვიათად რომ მინახავს. ორკესტრის უკლებლივ ყველა მუსიკოსი ისე გულშემატკივრობდა, ასეთი შეგრძნება არასდროს განმიცდია ჩემი ხელმძღვანელობის თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში. 

ჰოდა მინდა მივულოცო დემეტრეს დღევანდელი წარმატებული დებიუტი ეროვნულ ორკესტრთან სოლისტის ამპლუაში და თავის ძმასთან ერთად დიდი მიღწევები, წარმატებები და იმ ქვეყნად მყოფი ჩვენი დიანას სულის მუდმივად გახარება ვუსურვო! 

ვულოცავ მათ მამას ავთო გვეტაძეს, ჩვენს უძვირფასეს გიორგი თათულაშვილის საოცარ ოჯახს, რომელშიც იზრდებიან გიორგი და დემეტრე და კოკა ჩადუნელს, ვინც დემეტრეს მასწავლებელია და ამავდროულად ეროვნული ორკესტრის ერთერთი საუკეთესო შემსრულებელი!", - წერს რაჭველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა