რა შემთხვევაში დაჯარიმდებით 600 ლარით? - ნახეთ, პარლამენტის ახალი გადაწყვეტილება
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გადამეტებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმას ითვალისწინებს.
იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
იგივე ქმედება, ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება პირველი სახდელის დადებიდან 60 დღის შემდეგ, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
პროექტის გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს.