ყოველი მეექვსე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს - NDI-ს კვლევა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ოჯახის წევრი, რომელიც რეგულარულად უზრუნველყოფს ფინანსურად, საზღვარგარეთ ჰყავს.
კითხვაზე ჰყავთ თუ არა ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ მუშაობს და ოჯახს რეგულარულად უგზავნის ფულს, 2023 წლის მარტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 16%-მა განაცხადა, რომ დიახ. მაშინ, როცა 2019 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით ეს მონაცემი 12% იყო.
ამასთან, კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 15% აცხადებს, რომ მოსალოდნელია მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ თავად წავიდეს საზღვარგარეთ. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია აზალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის. აღნიშნული მონაცემი შემცირებულია 2022 წლის დეკემბრის კვლევის შედეგებთან. დეკემბერში აღნიშნულ კითხვას ამგვარად გამოკითხულთა 20%-მა უპასუხა.
ამასთან, კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევებად სახელდება.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ და დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.