ოფისია დალუქული - რას ამბობს გიორგი ვაშაძის ძმა ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით?
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც მთელი ღამე სამართალდამცველები მუშაობდნენ, რეგისტრირებულია სასტუმრო, რომელიც რეესტრის ამონაწერის მიხედვით, პოლიტიკოს, გიორგი ვაშაძის ძმის, დავით ვაშაძის კუთვნილებაა.
ვაშაძის თქმით, კავშირი აქვს მხოლოდ საკუთარ სასტუმროსთან და გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით არ იცნობს.
„მეორე სართულზე რომ სასტუმროა, ეგ არის ჩემი. დანარჩენი არაფერთან არ მაქვს შეხება. გავიგე რომ ოფისია დალუქული, გამოვალ ადგილზე და გავაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა დავით ვაშაძემ.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრია განთავსებული, საგამოძიებო მოქმედებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატარებს.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრი, რომელიც „სტატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს და უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელს, დავით არახამიას ეკუთვნით.