თეგებით ძიება

საქართველოს ევროპული პერსპექტივა ოფიციალურად აღიარებულია, აღიარებას დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს - კახა კალაძე

მსურს, მოგილოცოთ ევროპის დღე, ევროპის, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიული მოცემულობა, არამედ ღირებულებებისა და ფასეულობების ადგილია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ევროპის დღეს ვზეიმობთ ყველანი, ვისთვისაც თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა, ქრისტიანული იდენტობა და ჰუმანიზმი, ინდივიდუალური და ეროვნული მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი პრინციპებია.

„დღეს ევროპა უმძიმესი გამოწვევების წინაშეა. წელიწადზე მეტია, რაც ომის დამანგრეველ შედეგებს ვუყურებთ და ამ ვითარებით გამოწვეული ტრაგედიებისა და კრიზისების ფონზე, კიდევ უფრო აშკარა და ცხადია მშვიდობის ფასი. მშვიდობის, რაც თავის დროზე ევროკავშირის შექმნის იდეას დაედო საფუძვლად და რამაც მისი განხორციელება გახადა შესაძლებელი.

ჩვენმა ხალხმა როგორც წარსული, ისე უახლესი ისტორიიდან გამომდინარე კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და სისხლისღვრა, დევნილობა და მოუშუშებელი ჭრილობები. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მშვიდობის სადარაჯოზე ვიდგებით.

ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სურვილი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის პატივისცემის, თანასწორობის პრინციპით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა, რასაც ჩვენი საზოგადოების განწყობა და ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს. საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკვე ოფიციალურად აღიარებულია, რითაც ხელისუფლებისა და ხალხის ნება კიდევ უფრო გამყარდა. ამ აღიარებას უკვე დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს. ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება, ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა ქართველ ხალხში არ გამოიწვიოს იმედგაცრუება და ქართველმა ხალხმა თავი არ იგრძნოს დაჩაგრულად", - განაცხადა კალაძემ.

2022 წელს, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა