თეგებით ძიება

საქმე გვაქვს იმიტირებულ "ქოლ ცენტრთან", ეს სპეცოპერაცია თავიდან ბოლომდე დაგეგმა სუს-მა - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, სუს-მა ოპერაცია დაგეგმა და საქმე გვაქვს იმიტირებულ "ქოლ ცენტრთან".

ეს განცხადება ვაშაძემ ბრიფინ გზე გააკეთა, სადაც მანწარადგინა ამონაწერი, რომლის თანახმად, ვინმე მიხეილ არახამიამ 13 აპრილს დაარეგისტრირა კომპანია, ხოლო ფართი იქირავა იმ შენობაში, სადაც ასევე მდებარეობს გიორგი ვაშაძის ძმის სასტუმრო, ხოლო 5 მაისს არახამიას ნაქირავებ ფართში უკვე ჩატარდა სპეცოპერაცია, რომელსაც წინ უსწრებდა "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ექსპერტების მიერ გარკვეული ინფორმაციის გავრცელება.

ვაშაძის განცხადებით, მიხეილ არახამია, სავარაუდოდ, სუს- ის დავალებით მოქმედებდა, დღეისათვის კი მას ვერავინ პოულობს და სავარაუდოდ, ქვეყნიდან არის გაყვანილი.

"ბოლო დღეების მანძილზე რუსული რეჟიმის მიერ მართული პროპაგანდისტული არხების მიერ ხდება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების და ზოგადად ჩვენი ოპოზიციური ჯგუფის მიზანმიმართულად, აღვირახსნილად, პროვოკაციულად სახელის და რეპუტაციის შელახვა.

მე მაქვს რეესტრის ამონაწერი, სადაც 13 აპრილს, სავარაუდოდ, სუს- ის დავალებით, ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას "ლაიენ 7 გრუპ", მიდის და ქირაობს ფართს იმ შენობაში, სადაც ჩემი ძმა ფლობს 10 - ნომრიან სასტუმროს და რაც მთავარია, ამ შენობის მეპატრონეებს და დირექტორს, ბატონ ჭკუასელს ეუბნება, რომ იქ უნდათ სასწავლო ცენტრის გახსნა. ამავე ოფისში წლების მანძილზე არსებობდა სასწავლო ცენტრი, შემდეგ დიდი ხანია ეს ოფისი ვერ ქირავდებოდა, შესაბამისად, გამქირავებელს რა თქმა უნდა ეჭვი არ გაუჩნდა და მიაქირავა მას ეს ოფისი. ზუსტად სამ კვირაში, სანამ შსს რაიმე ოპერაციებს ჩაატარებდა, "ქოც პროპაგანდისტმა" ექსპერტებმა, მაგალითად, სალუქვაძემ და რუსულ რეჟიმ "ქოცებთან" დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა ეს იყო ჩემთან დაკავშირებული რაიმე "ქოლ ცენტრი". უფრო მეტიც, შსს- ს, სამართალდამცავ ორგანოებს არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ იყო თუ არა იქ "ქოლ ცენტრი", რას ლუქავდნენ. თავიდან ბოლომდე "ქართული ოცნების" მართული ტელევიზიების და "დავერბოვკებული", იაფფასიანი ექსპერტების მიერ ხდება რაღაც ინფორმაციის ტირაჟირება.

ჩვენ რეალურად საქმე გვაქვს იმიტირებულ "ქოლ ცენტრთან", ეს სპეცოპერაცია თავიდან ბოლომდე დაგეგმა სუს-მა და რაც მთავარია, ეს ვინმე არახამია საერთოდ გაქრა, ვერავინ პოულობს, საერთოდ, როგორც ამბობენ, სავარაუდოდ, ქვეყნიდან გაიყვანეს ეს ადამიანი. მინდა მივმართო შსს- ს, სუს- ს, პროკურატურას, ამ საქმეზე ვინმე არის დაკითხული, დაკავებული, პასუხისგებაში მიცემული? ვინ ჩაიდინა დანაშაული, თუ ასეთი არსებობს, სად არის მიხეილ არახამია, რატომ აფარებთ ხელს? იმ "ქოც პროპაგანდისტულ" არხებს: "იმედს", "რუსთავი 2"- ს, "პოსტ ტვ"- ს, რომ ლიკლიკებთ, საუბრობთ და ტყლაპივით რომ გაქვთ ეს ენა გადაგდებული, ერთი კითხვა მაინც არ გაგიჩნდათ, რომ ეს სად არის ხალხი, ვინც თურმე დანაშაული ჩაიდინა? ჩემთან რაიმე კავშირის მტკიცებულება გაგაჩნიათ? - ნულოვანი,"- განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, თუ სამართალდამცავები არავის დააკავებენ, ეს იქნება კიდევ ერთი ინდიკატორი იმის, რომ ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია მის წინააღმდეგ, ხოლო "ქოლ ცენტრების" უკან თავად დგანან. ვაშაძე აცხადებს, რომ ყველა პასუხს აგებს, მათ შორის, ის საუბრობს მედიაზეც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა