რატომ აქვთ ადამიანებს სხვადასხვა ტიპის სისხლის ჯგუფი?
რომელი სისხლის ჯგუფი გაქვთ? ამ კითხვაზე პასუხი, ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა ვიცოდეთ...
ადამიანები სისხლის ჯგუფით განსხვავდებიან. შეიძლება განსხვავებული სისხლის ჯგუფი გქონდეთ, ვიდრე ეს თქვენს ნაცნობს, მეგობარს და ოჯახის წევრს აქვს. თქვენი სისხლის ჯგუფის ცოდნა მნიშვნელოვანია სისხლის გადასხმისთვის და სხვა სამედიცინო საჭიროებებისთვის, რაც აჩენს კითხვას: რატომ აქვთ ადამიანებს სხვადასხვა სისხლის ჯგუფი? ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
არსებობს ოთხი ძირითადი სისხლის ჯგუფი: A, B, AB და O. თითოეული განისაზღვრება, იმით თუ რომლი ანტიგენია სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე. A ტიპის სისხლს აქვს A ანტიგენი სისხლის წითელ უჯრედებზე, B-ს აქვს B ანტიგენი, AB აქვს ორივე და O-ს არც ერთი.
"მონაცემები მტკიცედ მეტყველებს იმაზე, რომ მთელი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სისხლის ჯგუფი, არის მალარია. თუ გადახედავთ რუკას იმის მიხედვით თუ სად ვხვდებით მალარიის პარაზიტსა და O ჯგუფის სისხლს ყველაზე მეტად, საოცარ კავშირს ნახავთ", - თქვა დოქტორმა კლაუდია კონმა, მინესოტას უნივერსიტეტის სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორმა.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, მალარიას აქვს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, რომელმაც 2020 წელს მსოფლიოში 627 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მალარიის გამომწვევი პარაზიტის მატარებელ ადამიანებში, ინფიცირებული სისხლის წითელი უჯრედები გროვდება წვრილ სისხლძარღვებში, ბლოკავს სისხლს და ჟანგბადს, რომელიც ტვინში გადადის. მაგრამ O ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს მნიშვნელოვანი დაცვა აქვთ მალარიისგან. მაგალითად, 2007 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences, აჩვენა, რომ O ტიპის სისხლის მქონე ადამიანებს 66%-ით ნაკლები შანსი აქვთ მალარიის მძიმე ფორმის განვითარების, ვიდრე ეს სხვა სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებშია.
ეს ნაწილობრივ მაინც იმიტომ ხდება, რომ მალარიის პარაზიტი აიძულებს ინფიცირებულ სისხლის წითელ უჯრედებს გამოყონ ცილა მათ ზედაპირზე, სახელად RIFIN, რომელიც მოქმედებს როგორც წებო. ის აქცევს არაინფიცირებულ სისხლის წითელ უჯრედებს ინფიცირებული სისხლის წითელი უჯრედის გარშემო, ნათქვამია 2015 წლის კვლევის მიხედვით ჟურნალ Nature Reviews Microbiology-ში. თუმცა, მაშინ, როცა RIFIN ძლიერად უკავშირდება A ტიპის სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირს, ის სუსტად "მაგრდება" O სისხლის წითელ უჯრედებზე.
მიუხედავად ამისა, სისხლის ჯგუფი არ არის ადამიანის სისხლის ერთადერთი ასპექტი, რომელიც გავლენას ახდენს მალარიის რისკზე. სისხლის ოთხი ძირითადი ჯგუფის ფაქტორების გარდა, არსებობს 15 სხვა ტიპის ანტიგენი, რომლებიც შეიძლება იყოს სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე, განუცხადა კონმა Live Science-ს. ერთ-ერთ მათგანს "დაფის ჯგუფი" ჰქვია. ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს ანტიგენი, შედარებით გამძლე არიან მალარიის ორი ძირითადი პარაზიტის მიმართ. "დაფის მიმართ" უარყოფითობა გავრცელებულია მთელს სუბსაჰარის აფრიკაში, სადაც მალარია ყველაზე გამორჩეულია, მაგრამ ის იშვიათად გვხვდება სხვაგან.
არსებობს საკმაოდ ბევრი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რატომ არის მალარიისადმი მიდრეკილ ადგილებში O ჯგუფის სისხლი ყველაზე ხშირად, მაგრამ ნაკლებად ნათელია, რატომ შეიძლება იყოს A, B და AB ტიპის სისხლი სხვაგან შედარებით მაღალი პროპორციებით. ზოგიერთი მეცნიერი დაავადების გავრცელების მიზეზს სისხლის სხვადასხვა ჯგუფებს შორის კავშირში ეძებს. მაგალითად, 2021 წელს ჟურნალ BioMed Research International-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სისხლის O ჯგუფის მქონე ადამიანებს უფრო მეტად აქვთ ქოლერა, ტუბერკულოზი და ყბაყურა. სხვა სისხლის ჯგუფების მქონე ადამიანებს უფრო მეტად აქვთ სხვა დაავადებები; მაგალითად, AB ტიპის სისხლის შემთხვევაში უფრო ხშირად ვხვდებით ჩუტყვავილას.
კონი არ თვლის ამ კავშირებს ბოლომდე დამაჯერებლად, თუმცა, ისინი ნამდვილად საინტერესოა. კონის თქმით, ეს კვლევები სრულად არ ადასტურებს მიზეზობრივ კავშირს სისხლის ჯგუფებსა და ამ დაავადებების გავრცელებას შორის. ეს კავშირები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა ფაქტორებით. თუმცა მალარიის შემთხვევა განსხვავებულია.
"მალარია ერთადერთია, სადაც ეს ფაქტორი მართლაც თავს იჩენს", - ამბობს კონი.