თეგებით ძიება

ცესკო-ს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას - საია

ცესკო-ს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას და ამცირებს ცესკო-ს დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ასევე მოუწოდებს პარლამენტს, გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები და გადადგას ქმედითი, რეალური ნაბიჯები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის.

„მიმდინარე წლის 8 მაისს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში ბიუროზე დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ცესკოს თავმჯდომარესა და 7 წევრს საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევს. არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობა კი არსებული 2/3-ის ნაცვლად უბრალო უმრავლესობამდე შემცირდება.

ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი წესი, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების“ სულისკვეთებით იქნა მიღებული, ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურაზე შეთანხმებას. დარეგისტრირებული ცვლილებების შემდეგ უქმდება კონსენსუსის მისაღწევად პარტიებს შორის მოლაპარაკებების საჭიროება და უმრავლესობას უფლებამოსილება ეძლევა ერთპიროვნულად დააკომპლექტოს ცესკო.

გარდა ამისა, კომისიის დაკომპლექტების წესიდან პრეზიდენტის ჩამოშორებით საპარლამენტო უმრავლესობა კანონმდებლობას კვლავ არგებს საკუთარი პარტიის ინტერესებს. გასულ თვეებში ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურული სირთულეების გამო, მმართველმა პარტიამ ამჯერად გადაწყვიტა ამ პროცესში დამოუკიდებელი რგოლის, პრეზიდენტის ინიციატივის არსებითად გაუქმება და ის მხოლოდ იმ ნაწილში დატოვა, თუ პარლამენტი პირველ ჯერზე ვერ შეძლებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას. ამის საწინააღმდეგოდ, საქართველო კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე გამწესებაში. ხოლო ამ პირების თანამდებობაზე განწესების თაობაზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას არ საჭიროებს სწორედ იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე წარდგინების უფლებას კონსტიტუცია ცალსახად პრეზიდენტს ანიჭებს. პარლამენტში დარეგისტრირებული ინიციატივით კი პრეზიდენტის არსებითი როლი ამ პროცესში იგნორირებულია.

„შარლ მიშელის“ დოკუმენტზე ხელმოწერით, საპარლამენტო უმრავლესობამ შეთანხმების შესრულებისა და ამბიციური დემოკრატიული რეფორმების გატარების ვალდებულება აიღო, რაც არამხოლოდ „ქართული ოცნების“ კეთილი ნება, არამედ მისი, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის, მოვალეობაა. ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმიდან მე-2 პუნქტი გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის ცესკოს დამოუკიდებლობის გაზრდას. ინიცირებული ცვლილებებით კი კონსენსუსის საჭიროების გაქრობა საარჩევნო ადმინისტრაციის საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური ხელისუფლებისათვის დაქვემდებარებას უზრუნველყოფს, რაც ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად, დაასუსტებს მათ", - ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა