„ხომ ბავშვობააა და ხომ ტკბილია, მაგრამ აღარასოდეს აღარ მინდა გამეორდეს...“ - რას იხსენებს ზურა შევარდნაძე?
„გარდენიას“ მფლობელი, მებაღე, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში საბჭოთა პერიოდს იხსენებს.
„იმ წელიწადს გარდამავალი დროშა ჩვენ გვერგო. კოლმეურნეობის თავმჯდომარემ სოფლის საერთო კრებაზე გაანდო ეჭვი დაღლილ კოლმეურნეებს, რომ წინ ეს ბედნიერება გველოდა. საცხრამაოსოდ სამზადისი ამიტომ ორი კვირით ადრე დაიწყეს, სოფლის ცენტრში სოკრატ შევარდნაძის ლურჯი ტრაქტორის გემ ავრორად გადაკეთებას შეუდგა კოლმეურნეობის მხატვარი თემურ ნინიძე ასისტენთებთან ერთად. შეღებილი ფანერებით, დროშებით, ალმებით მორთული ტრაქტორი, მატო ბორბლების ნაწილი რომ უჩანდა დღესაც ზღაპარივით მახსოვს.
წინა დღეს ბრიგადირმა გრიშა სიხარულიძემ ჩამოუარა ჩვენს ბრიგადას, კიდევ ერთხელ, საბოოლოოდ და მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ იალონში სოფლის თემში ვიკრიბებით.
ბებია, ბულბულო, დუდანა, ეთერი, ნაზიე ინწკირველი, ლილიე ჭეიშვილი და ყველა უფროსი ქალი ხელაბყრობილი წყევლიდა ზორბერგ ნცვალაძის ავტობუსში პარადის მომგონს, უფრო მორიდებულად და დაბალ ხმაზე კოლმეურნეობის თავმჯდომარეს, პარტიის მდივანს და ყველას ვისაც ხელი ერია მათ მოცდენაში და წამებაში.
მახარაძის ქუჩები ბევრი წითელი დროშით მორთული გვხვდებოდა, გადმოეფინათ აივნებზე, ბოძებზე, ხიდებზე..
რკინიგზის სადგურიდან დავიძრებოდით, ავრორას გემბანზე ჩაის პლანტაცია იყო გაშენებული და მოწინავე მკრეფავები, აგრონომები, მეაბრეშუმეები იდგნენ ზოგი ისხდა. თეატრის დიდი ბოძების წინ უშველებელი ტრიბუნები იყო კიდევ უფრო უშველებელი ბელადების სურათებით მორთული, პრეზიდიუმში უცხო კაცები და ერთი ორი ქალი იდგა, ხელს გვიქნევდენ და ძალით იცინოდენ. პიონერთხელმძღვანელი ჩვენც გვაძალებდა გაგვეცინა. თეატრის კიბეებზე უკრავდა ოზურგეთის სასულე ორკესტრი. ტრიბუნას რომ მივუახლოვდებოდით ვყვიროდით ვაშააააა, ვაშააააა, ვაშააააა, ვიჭაჭებოდით.. თუ გადავაჭარბებდით შემჩნევას მივიღებდით, რომ ეს მეტისმეტია და არ შეშვენის პიონერს ასე მოქცევა.
ჩვენს ავრორას უკან მოყვებოდა მახარაძის ყველა მოწინავე და ნაკლებადგამოჩენილი კოლმეურნეობის მორთული ტრაქტორები და მანქანები. იყო ორგანიზებული ღიზღიზი და რუზრუზი. ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შრომის და მეციტრუსეობით მდიდარი მეურნეობები და კოლმეურნეობები განსაკუთრებით მოინდომებდენ.
ამ დღეს მახარაძის ქუჩებში გამოიშლებოდა პალაჩი ჩაჩანის დიდი ფერადი ოჯახი და მთელი მახარაძის ციგნობა. დასდევდენ მილიციელები მარა ქობულეთელი ნათესავებიც ეშველებოდენ და ისე მრავლდებოდენ უცებ და სხარტობდენ ვერავინ ერეოდა. ყიდდენ ფერად გასაშლელ ქაღალდის ყვავილებს, ფერად ვერცხლისქაღალდში გამოხვეულ რეზინიან ბურთებს, საფშვიტინო ჩიტებს, კვასკვასა მამალოებს ფერადად შეღებილ ფარსმანდუკის თაიგულებს. გაპუტული მწვანე თუთიყუში მონდომებით აძრობდა ქაღალდის დაგორგლილ, საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილ კეთილ სურვილებს კონსერვის კოლოფიდან 20 კაპიკად.
პარადმოვლილებს შეგვეძლო შეგვესვა იმდენი ტარასის გაზიანი ფერადი წყალი რამდენსაც ვისურვებდით, ორმაგი. თეთრად დაფიფქული ვანილისკრემიანი პონჩიკებიც იყო ბევრი. მერე ბახულიეს უნივერმაგის კიბის ქვეშ გვიყიდდენ ქაღალდის ძაფზე ასხმულ ბუბლიკებს და ვბრუნდებოდით შინ.
პარადის რეკვიზიტებს და ატრიბუტებს კანტორის ეზოში დაახვავებდენ, ავრორასაც უცებ დაფუნგავდენ.
ბებია კოლმეურნების შენობის დამლაგებელი იყო და მას ევალებოდა რეკვიზიტის გადარჩევა და დაბინავება.
გარდამავალი დროშა თავმჯდომარის კაბინეტში, ბელადებიანი დიდი ტრასფარანტები პარტიის მდივნის ოთახში, ზოგი საწყობში..
რადგან დროშები სამამულო წარმოების უმაღლესი ხარისხის აბრეშუმისგან იკერებოდა გულმოდგინედ გადმოარჩევდა და შინ მოქონდა, გადმოაბრუნებდა, უკანა მხრიდან საბნის პირებად, ბალიშის მითელებად იყენებდა. აბრეშუმისვე რუშებს მოაცლიდა, დაარღვევდა, გარეცხავდა და სინაზე გაფენდა ჩაამწკრივებდა. მეორე დღეს პარადი ჩვენს ეზოში გრძელდებოდა:
"სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებულ მეაბრეშუმეს ვაშააააა!!! "
"სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებულ მეჩაიეს, ვაშააააააა!!!"
"სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებულ მეხილეებს ვაშაააა!!!.."
"ხუთწლედის გეგმის ათამაგად გადაჭარბებისთვის ჩვენს მშრომელებს ვაშააააა!!!"
" დიდება სტალინს, ლენინს დიდება ვაშააააა!!!!"
ხომ ბავშვობააა და ხომ ტკბილია მაგრამ აღარასოდეს აღარ მინდა გამეორდეს არაფერი მსგავსი.
#GardeniaShevardnadze
ფოტო #მარინააბულაძე“, - წერს შევარდნაძე.