ეს საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგია - გიორგი გახარია რუსეთის მიერ ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის მოხსნაზე
პარტია "საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს.
"რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ხშირად იმსახურებს რუსეთის მაღალჩინოსნების ქებას. ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ”, - აცხადებს გახარია.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.