"დღეს ქართული რესტორნები მოსკოვში გადაიჭედება" - მარგარიტა სიმონიანი
კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას სოციალურ ქსელშიი ეხმაურება და წერს, ქართველები რუსეთის მიმართ სწორად იქცევიან და სწორედ ამან განაპირობა სავიზო რეჟიმის გაუქმება.
"შეტყობინებებს ვხსნი და ჩემი ქართველი მეგობრების უამრავი წერილი მხვდება, რომელთა საერთო პოზიცია ასეთია - "ვა, მაგარია". დღეს ქართული რესტორნები მოსკოვში გადაიჭედება. თქვენს ხელმძღვანელებს გადაეცით, გთხოვთ, რომ მოსკოველი ქართველები დღეს მათ სადღეგრძელოებს დალევენ", - დაწერა სიმონიანმა "ტელეგრამზე".
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.