პირადად მე ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას - სერგეი გავრილოვი
რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.
“ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. ეს მოხსნის იმ ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიდა ქართველებს რუსეთში მყოფი ნათესავების მონახულებაში, ისევე, როგორც პირიქით. ეს ასევე ხელს შეუწყობს კომერციული და პირადი კონტაქტების დამყარებას. ასევე შეამცირებს არსებულ დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში.
ჩვენ არაერთხელ მივმართავდით რუსეთის პრეზიდენტს, რომ მოხსნილიყო ყველა არსებული ბარიერი, მით უმეტეს, რომ საქართველოს არა აქვს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებთან. ვისაც არ უნდა რუსეთში ჩამოსვლა, შეუძლია არ ჩამოვიდნენ.
მე არ ვიცი, იცოდა თუ არა ქართულმა ოცნებამ ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში ბევრი ელოდა ამ გადაწყვეტილებას.
პირადად მე ვაპირებ ჩამოსვლას. შესაძლოა ეს არ მოხდეს ახლო მომავალში, მაგრამ საქართველოში ჩემი ბევრი ნათესავია დაკრძალული. არ ვიცი, შემომიშვებენ თუ არა საქართველოში, ეს დამოკიდებულია ქვეყნის ხელისუფლებაზე”, - განაცხადა გავრილოვმა „მთავარ არხთან“.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.