„მრჩება შთაბეჭდილება, რომ მზაკვრულ გეგმასთან გვაქვს საქმე“ - გოგა ჩანადირი
ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
„დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის შინაარსის გათვალისწინებით, სახიფათო თამაშია რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ფრენების აღდგენა.
რაში დასჭირდა რუსეთს ახლა ამ ნაბიჯის გადადგმა?
თვალები გაგვილამაზდა?
გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები ჩვენი ქვეყნიდან და მერე დავიჯერებ კრემლის სურვილს, რომ გულწრფელად უნდა ურთიერთობის მოწესრიგება.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მზაკვრულ გეგმასთან გვაქვს საქმე“, - წერს ჩანადირი.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.